ახალი ამბები
აბასთუმნის ფილტვის ცენტრში 2 პაციენტი შეიყვანეს
აბასთუმნის ფილტვის ცენტრმა დღეს, 8 მარტს, დილით ორი პირი მიიღო. ისინი საკარანტინო პერიოდს კლინიკაში, იზოლირებულად გაატარებენ.

თითო პაციენტი თითო პალატაშია მოთავსებული. მათ ორი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან. კარანტინში მყოფებს ტემპერატურული სკრინინგი ჩაუტარდებათ, საეჭვო სიმპტომის გამოჩენის შემთხვევაში, პაციენტს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადააგზავნიან.

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში ამბობენ, რომ ორივე ბულგარეთის მოქალაქეა და ისინი თავს კარგად გრძნობენ.

„18 გვყავდა და დღეს დილით, კიდევ 2 პაციენტი მივიღეთ. არიან როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეები, სულ 20 პირია ამ დროისათვის ფილტვის ცენტრში“, - გვითხრა კლინიკურმა მენეჯერმა კახა ბერიძემ.

აბასთუმნის ფილტვის ცენტრი უკვე დატოვა რვა პაციენტმა.

წყარო: tv9news.ge
Print