ახალი ამბები
ტელეკომპანია "ბორჯომის" ოპერატორი კონკურსის გამარჯვებული გახდა
ტელეკომპანია "ბორჯომის" ოპერატორი მიხეილ გუკასიანი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გახდა. მობილური ტელეფონით გადაღებულმა ვიდეომ "თავშესაფარი ავტოფარეხში" ინტერნეტ მომხმარებლების უმრავლესობის მოწონება დაიმსახურა და პირველი ადგილი დაიკავა. საკონკურსო ვიდეომ, რომელიც ბორჯომში, ფრინველებზე და ცხოველებზე მზრუნველი ადამიანის შესახებ იყო გადაღებული, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში 1600-ზე მეტი მოწონება დააგროვა. ასევე Facebook მომხმარებლების ხმათა რაოდენობით გამოვლინდა კიდევ ორი გამარჯვებული: ანუკა გუგუტიშვილი და ქრისტინე გურგენიძე. შესაბამისად, მიღებულ ხმათა რაოდენობით, გამარჯვებულები საპრიზო ადგილების მიხედვით ასე გადანაწილდნენ:

1. მიშა გუკასიანი - "თავშესაფარი ავტოფარეხში" (1600 მოწონება)
2. ანუკა გუგუტიშვილი - "დაბინძურება და გულგრილობა" (736 მოწონება)
3. ქრისტინე გურგენიძე - აქტივისტი, რომელიც ძაღლებს უვლის (338 მოწონება)

"მოხარული ვარ რომ ჩემმა ვიდეომ დაიმსახურა როგორც ჟიურის, ასევე Facebook მომხმარებლების მოწონება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს აქტიურობისთვის და მხარდაჭერისთვის. ვფიქრობ, რომ ჩემი ვიდეოს გმირი აკეთებს ძალიან დიდ და კარგ საქმეს და არის სამოქალაქო აქტივიზმის კარგი მაგალითი. ასევე, ვულოცავ კონკურსის ორ მონაწილეს გამარჯვებას და მადლობას ვუხდი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს კონკურსის ორგანიზებისთვის" - ამბობს მიხეილ გუკასიანი.

შეგახსენებთ, "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა", "პური მსოფლიოსთვის" (Bread for the World) მხარდაჭერით, მაქსიმუმ 4 წუთიანი, მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეოების კონკურსი გამოაცხადა, სადაც ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა მიმდინარე წლის 10 თებერვალი იყო. თემა - სამოქალაქო აქტივიზმი იყო. ჯამში 14-მა ავტორმა გაგზავნა საკონკურსო ვიდეო. ჟიურიმ კი პირველ ეტაპზე 5 საუკეთესო ნამუშევარი შეარჩია. მეორე ეტაპზე გადასული ნამუშევრები, ინტერნეტ მომხმარებლებმა შეაფასეს. ხმის მიცემის პროცესი 2 მარტს შეწყდა. შესაბამისად, გამოვლინდა სამი საუკეთესო ვიდეო.

Print