ახალი ამბები
აბასთუმნის პოლიციას ელექტრომობილები გადასცეს
დაბა აბასთუმანში საპატრულო პოლიციას ორი ელექტრომობილი აქვს. ავტომანქანები უწყებას დაახლოებით, ერთი თვის წინ გადასცეს, თუმცა სამართალდამცველებმა ელექტრომობილებით გადაადგილება თოვლის დნობის შემდეგ დაიწყეს. ინფორმაციას ახალციხის ტელეკომპანია "მეცხრე არხი" ავრცელებს.

„პოლიციის წინ უყენიათ კარგა ხანია, არ ანძრევდნენ ადგილიდან. წაიყვანდნენ, დატენიდნენ და მოიყვანდნენ ხოლმე. დაბალი გამავლობისაა და დიდთოვლობის დროს რას გაივლიდა, საბურავებს უფარავდა იმხელა თოვლი იყო. მაგით მხოლოდ ზაფხულში თუ ივლიან“, - გვითხრეს აბასთუმნელებმა.

ელექტრომობილები პოლიციას ფონდმა „ქართუმ“ გადასცა თუ შსს-მ შეისყიდა - ამაზე უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ. შსს-ს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე არ საუბრობენ. არც ისაა ცნობილი, კიდევ მისცემენ თუ არა აბასთუმანში პოლიციელებს ელექტრომობილებს.

"მინდა, გაზაფხულიდან აბასთუმანი გახდეს მხოლოდ ელექტრომობილების რეგიონი“, - ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2018 წლის შემოდგომაზე გააკეთა.

მაშინ ივანიშვილი ამბობდა, რომ აბასთუმანში უნდა აშენებულიყო მანქანების სადგომი. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, აბასთუმანში სადგურისა და ღია ავტოსადგომის პროექტირება და სამშენებლო სამუშაოები, ჯერ კიდევ 2019 წლის ოქტომბერში მიმდინარეობდა. პროექტის თანახმად, მუნიციპალური განვითარების ფონდმა იქ 1 000 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი უნდა მოაწყოს, საიდანაც 200 ადგილი ელექტროავტომობილებისთვის იქნება გათვალისწინებული, რომლის შემოყვანა კურორტზე ასევე ბიძინა ივანიშვილის ინიციატივაა.
Print