თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს, რომელიც სავარაუდოდ აეროპორტის თანამშრომელია
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს,
რომელიც სავარაუდოდ აეროპორტის თანამშრომელია.
როგორც ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა,
მარინა ეზუგბაიამ განუცხადა, პაციენტს რესპირატორული ინფექციის
სიმპტომები აქვს.
„ცოტა ხნის წინ შემოიყვანეს პაციენტი. სავარაუდოდ აეროპორტის
თანამშრომელი. ჩვენთვის ცნობილია, რომ მას აქვს ტემპერატურა,
რესპირაციული სიმპტომები, სურდო, ხველა, ყელის ტკივილი. აღებულია
პირველადი კვლევები, გაუკეთდება რენტგენი, ემზადება კვლევებისთვის. თუ
არ ვცდები, გადმოყვანილია აეროპორტიდან“, – განაცხადა მარინა
ეზუგბაიამ.
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის თქმით, მისთვის
უცნობია, როდის იქნება ბოლოს შეყვანილი პაციენტების ანალიზების
პასუხები.
ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა კორონავირუსით
ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა გაუარესდეს, მარინა ეზუგბაიამ
აღნიშნა, რომ ამის შესაძლებლობა არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე მამაკაცის
მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„როდის, რა დროს რა მოხდება, ძალიან რთულია. დასაშვები ყველაფერია და
ამიტომ დავჯერდეთ არსებულ სიტუაციას. ამ ეტაპზე მდგომარეობა
დამაკმაყოფილებელია. სამომავლოდ ვნახოთ, რა გამოვლინდება“, –
განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.