ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა. აღნიშნულის შესახებ ცნობილი ამ წუთებში, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი გამოკვლევის შედეგად დაუდასტურდა. მინისტრი განმარტავს, რომ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება და აქვე მოსახლეობას სიმშვიდისიკენ მოუწოდებს.

"ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც მოთავსებულია ინფექციურ განყოფილებაში, ოფიციალურად დაუდასტურდა კორონავირუსი. აღნიშნული პირი იმყოფებოდა ირანში და საქართველოში დაბრუნებისას მოხდა მისი მოთავსება ინფექციურ განყოფილებაში. ახლახან გახდა ცნობილი საბოლოო დასკვნა. მე მინდა დავამშვიდო მოქალაქეები, არ გვაქვს პანიკის საფუძველი. მინდა აღვნიშვნო, რომ საკმარისად გვაქვს საკარანტინო სივრცეები" - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის შემდეგ, განცხადება გააკეთა ამირან გამყრელიძემაც.

"საქართველოს მოქალაქე, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ირანში მეგობართან ერთად, ის მოგზაურობდა სამარშრუტო ტაქსით და საქართველოში გუშინ აზერბაიჯანის გავლით დაბრუნდა ირანიდან. 50 წლის მამაკაცს კორონავირუსი ოფიციალურად დაუდასტურდა. მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ ყველა პრევენციული ღონისძიება ტარდება, რათა მინიმუმამდე შემცირდეს რისკი" - ამირან გამყრელიძემ.

ბრიფინგი ამ წუთებშიც მიმდინარეობს, ეკატერინე ტიკარაძე და ამირან გამყრელიძე ჟურნალისტებს შეკითხვებს პასუხობენ. ისინი ასევე იმ პრევენციულ ღონისძიებებზე საუბრობენ, რომლის გათვალისწინებასაც კორონავირუსისგან თავის დასაცავად მოქალაქეებს ურჩევენ.
Print