ახალი ამბები
"რუსეთი და სირია გამიზნულად თავს ესხმიან მშვიდობიან მოსახლეობას" - გაერო
გაერო-ს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარის ნუშელ ბაჩელეტის თქმით, ის რაც სირიაში ხდება საშინელებაა და უდანაშაულო ადამიანების მსგავსი დევნა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ მომხდარა. ნუშელ ბაჩელეტი სირიის მთავრობასა და მის მოკავშირე რუსეთს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ისინი გამიზნულად თავს ესხმიან მშვიდობიან მოსახლეობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. „აღარ არსებობს თავშესაფარი, რომელიც უსაფრთხო იქნება. მათ წასასვლელი არსად აქვთ. ვშიშობ, ისინი კიდევ მეტ ადამიანს დახოცავენ.ამ ხალხს სჯერა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მათ უღალატა და მიატოვა“, - აცხადებს ბაჩელეტი და მოითხოვს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული კორიდორი გაიხსნას.

შეგახსენებთ, გაეროს მონაცემებით, პირველი დეკემბრიდან მოყოლებული სირიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქები და სოფლები 900 000-მა ადამიანმა დატოვა. მათი უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.

ჰუმანიტარული კრიზისი სირიის მთავრობისა და მისი მოკავშირე რუსეთის მიერ განხორციელებულმა ინტენსიურმა თავდასხმებმა გამოიწვია. მედიის ინფორმაციით, მათ უკვე დაამყარეს კონტროლი იდლიბის პრივინციაზე და ახლა ბრძოლა ალეპოსა და იდლიბის მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარეობს.
Print