ახალი ამბები
პარლამენტმა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა

პარლამენტმა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა. მას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა (არცერთი წინააღმდეგი). პლენარულ სხდომაზე კენჭისყრას ესწრებოდა თავად ირაკლი შოთაძეც.

კენჭისყრაში მონაწილეობა 7-მა დეპუტატმა არ მიიღო. რეგისტრაცია სულ 89 დეპუტატმა გაიარა, ხოლო შოთაძეს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა.კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს იმ დეპუტატებმა, რომლებმაც „ქართული ოცნება“ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ დატოვეს, მათ შორის დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, თამარ ჩუგოშვილმა.

ბოიკოტის ნიშნად, დღევანდელ პლენარულ სხდომას უმრავლესობის გარდა, არცერთი სხვა ფრაქცია არ დასწრებია. სხდომას არ ესწრებოდა არც დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი.

აღსანიშნავია, რომ შოთაძის კანდიდატურის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არ მომხდარა და ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი პირდაპირ კენჭისყრაზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ საპროკურორო საბჭომ აღნიშნულ თანამდებობაზე შოთაძის კანდიდატურა მიმდინარე წლის 7 თებერვალს აარჩია. მას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.

საზოგადოებამ კარგად დაინახა, რაოდენ გამჭვირვალედ წარიმართა კონკურსი, - ამის შესახებ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ ირაკლი შოთაძემ განაცხადა.

შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ის პრიორიტეტები დაასახელა, რომელზეც მომავალი წლების განმავლობაში იმუშავებს. ახალდამტკიცებული გენერალური პროკურორის თქმით, ეს პრიორიტეტებია პროკურატურის გაძლიერება, საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება, სამართლიანობის აღდგენა, სისხლისსამართლებრივი დევნისა და საპროკურორო ზედამხედველობის გაძლიერება.

„უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტსა და საპროკურორო საბჭოს მხარდაჭერისთვის. მადლობა ჟურნალისტებს ამ პროცესში ასე აქტიური მონაწილეობისთვის იმიტომ, რომ მასმედიის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებამ დაინახოს ის პროცესი, თუ როგორ მიმდინარეობს ყველაფერი და ვფიქრობ, საზოგადოებამ კარგად დაინახა, რაოდენ გამჭვირვალედ წარიმართა ეს კონკურსი. ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა, ორი გასაუბრება გაიმართა და მე გავეცი ყველა კითხვას პასუხი. წარვადგინე ჩემი პროგრამა, ხედვა პროკურატურის განვითარების და გაძლიერების მიმართულებით. შესაბამისად, მე რაც ვისაუბრე ამ გასაუბრების ეტაპზე, იქნება ის ძირითადი პრიორიტეტები, რა მიმართულებითაც აქტიურტად ვაპირებ მუშაობას. ეს იქნება პროკურატურის გაძლიერება, საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება, სამართლიანობის აღდგენა, სისხლისსამართლებრივი დევნისა და საპროკურორო ზედამხედველობის გაძლიერება და ა.შ არის ბევრი გამოწვევა, ბევრი საქმეა გასაკეთებელი“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
ირაკლი შოთაძე სქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით ხელმძღვანელობდა. აღნიშნული პოსტი მან მას შემდეგ დატოვა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.

 

Print