ახალი ამბები
მეხანძრე-მაშველებმა გადამზადების კურსი გაიარეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს მეხანძრე-მაშველთა საბაზისო სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული გადამზადების კურსი ჩაუტარდათ. სამკვირიანი სწავლება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სწრაფი რეაგირების ბაზაზე ჩატარდა.

კურსის ფარგლებში, მეხანძრე-მაშველებმა შეისწავლეს სახანძრო და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის გამოყენების წესები, სამაშველო და სახანძრო ტაქტიკის, ქბრბ უსაფრთხოების, პირველადი სამედიცინო დახმარების ჩატარების მეთოდები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ჩაუტარდათ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადინეობები.

სწავლებაში სულ მონაწილეობას 31 მეხანძრე-მაშველი იღებდა, რომლებსაც კურსის წარმატებულად გავლის შემდეგ, შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ.

კვალიფიციური თანამშრომლები მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონულ დანაყოფებში გადანაწილდებიან და მიღებულ ცოდნას პროფესიულ საქმიანობაში გამოიყენებენ.


Print