გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით,
საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ე.წ „საქმიანი ეზო“
მოეწყობა.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში - ასპინძაში, ადიგენსა და ბორჯომში
მიმდინარე სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე
დავით ალადაშვილი ადგილზე გაეცნო.
ტყითსარგებლობის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ეროვნული სატყეო
სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები
ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს
ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებას და დასაწყობებას „საქმიან ეზოებში“.
აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის
შეძენას და ტრანსპორტირებას, მათთვის სასურველ პერიოდში.
მოსახლეობის სათბობი შეშით დაკმაყოფილების გარდა, რაც ამ ეტაპზე
სოციალური ჭრების ფარგლებში ტყეკაფების გამოყოფას გულისხმობს,
სააგენტო აგრძელებს საკუთარი ძალებით, კერძო სექტორის ჩართულობით,
ორგანიზებული ხე-ტყის დამზადების სამუშაოებს ყველა რეგიონში.
ამჟამად სამუშაოები 11 ობიექტზე მიმდინარეობს. (კახეთში - ლაგოდეხი,
დედოფლისწყარო, თელავი, გურჯაანი, საგარეჯო; იმერეთში - ზესტაფონი,
სამცხე-ჯავახეთში - ბაკურიანი, ბორჯომი, წაღვერი, ასპინძა,
ჩორჩანა).
წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით სულ 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა.
შედეგად, ტყითსარგებლობა მერქნული რესურსის დამზადების მიზნით,
განხორციელდება გაცილებით ეფექტურად, შემცირდება ტყეზე უარყოფითი
ზემოქმედება, ასევე, არსებითად შემცირდება უკანონო ჭრების
რისკები.