არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით კახეთში ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის
განჩინების საფუძველზე ორი პირი დააკავეს.
არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით
დაკავებული არიან 2003 წელს დაბადებული ვ.ქ. და მისი ბიძაშვილი - 2001
წელს დაბადებული რ.ქ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.ქ.-მ, თანამზრახველ რ.ქ.-სთან ერთად,
მიმდინარე წლის 5 თებერვალს, ცოლად მოყვანის მიზნით, საგარეჯოს
მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში მცხოვრებ, 2004 წელს დაბადებულ დ.მ.-ს
თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების
შედეგად, გატაცებული გოგონას კვალს მალევე მიაგნეს და იმავე დღეს
სახლში უვნებელი დააბრუნეს.
ბრალდებულები კი პოლიციამ 8 თებერვალს, დედოფლისწყაროს
მუნიციპალიტეტში დააკავა.
გამოძიება არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე,
საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
მიმდინარეობს“,-ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში