საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა ახალგორის შესასვლელი კვლავ ჩაკეტეს
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორის შესასვლელი დღეს
დილიდან კვლავ ჩაკეტეს. დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის
ინფორმაციით, ახალგორში მცხოვრებ იმ ადამიანებს, რომლებიც პენსიას
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე
იღებენ, გადაადგილების საშუალება ორ თვეში ერთხელ მიეცემათ
.
ე.წ. გამშვები პუნქტის ორ თვეში ერთხელ გახსნის გადაწყვეტილება
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების საბჭომ გასული წლის 2
დეკემბერს მიიღო.
„მართალია, საოკუპაციო ძალების მხრიდან დაანონსებული იყო, რომ
ახალგორის შესასვლელში არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი 6 თებერვლის
ჩათვლით იქნებოდა დაბის მცხოვრებლების გარკვეული კატეგორიისთვის ღია,
თუმცა, არსებობდა მოლოდინი, რომ ეს პერიოდი გახანგრძლივდებოდა.
სამწუხაროდ, ახალგორელების მოლოდინი არ გამართლდა და დღეს დილიდან, დე
ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული დაბის შესასვლელი კვლავ
ჩაკეტეს. არსებული ინფორმაციით, დაახლოებით, ორი თვის შემდეგ -მარტის
ბოლოს უნდა გახსნან გარკვეული დროით.
აქვე უნდა გითხრათ ისიც, რომ ახალგორში მცხოვრებმა 50-მდე მოქალაქემ,
იმ ადამიანებმა, ვინც პენსიას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების
კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებენ, ამჟამად ვერ შეძლეს ახალგორის
დატოვება და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე
გადმოსვლა იმის გამო, რომ მათ არ ჰქონდათ დე ფაქტო რეჟიმის მიერ
გაცემული „პროპუსკები“. გუშინ ამ ადამიანებს აღნიშნული ე.წ. საშვები
მისცეს, რის საფუძველზეც იმედი გვაქვს, რომ ორი თვის გასვლამდე,
აღნიშნულ პირებსაც მიეცემათ გადაადგილების უფლება“, - განაცხადა
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა.
გამშვები პუნქტის გახსნის მორიგ თარიღს ახალგორელებს მოგვიანებით
აცნობებენ. დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორის შესასვლელი
გასული წლის 5 სექტემბერს ჩაკეტეს და 24 იანვარს დროებით, 6
თებერვლამდე გახსნეს.