ახალი ამბები
"გაზაფხულზე ჩრდილოვან კაბინეტს წარვადგენთ" - მამუკა ხაზარაძე
გაზაფხულზე წარვადგენთ ჩრდილოვან კაბინეტს და ამომრჩეველს რამდენიმე თვით ადრე ეცოდინება პროგრამა და ის სფეროები, რომელსაც პირველი 100 დღის განმავლობაში შევცვლით - ამის შესახებ პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ქუთაისის რეგიონული ოფისის გახსნისას განაცხადა. მისივე თქმით, პარტია სერიოზული ტემპით იზრდება და ის რეგიონალურ განვითარებას იწყებს. „უახლოესი კვირების განმავლობაში ჩვენ ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება, რომ საქართველოს სხვადასხვა ადგილებიდან ნახოს ჩვენი პრეზენტაციები. ჩვენ ვიწყებთ რეგიონალურ განვითარებას და კონკრეტული პროგრამების გაცნობას მოსახლეობისთვის. გაცნობებთ, რომ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ საკმაოდ სერიოზული ტემპით იზრდება. საკმაოდ დიდია მოლოდინი და გარწმუნებთ, ჩვენ ამ მოლოდინს გავამართლებთ. „ლელო საქართველოსთვის“ არ არის პარტია, რომელიც მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლისთვის იბრძვის. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მოკლე დროში შეცვალოს ის მძიმე მდგომარეობა, რომელშიც ჩავცვივდით. გაზაფხულზე წარვადგენთ ჩრდილოვან კაბინეტს და ამომრჩეველს რამდენიმე თვით ადრე ეცოდინება პროგრამა და ის სფეროები, რომელსაც პირველი 100 დღის განმავლობაში შევცვლით“ - განაცხადა ხაზარაძემ.
Print