ახალი ამბები
ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ბრალი მუქარასა და ხულიგნობაზე წარუდგინეს
ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ბრალი წარუდგინეს.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ვახტანგ რობაქიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით წაუყენეს. ის მოსამართლის განჩინების საფუძველზე გუშინ დააკავეს.

ვახტანგ რობაქიძეს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულიხმობს ხულიგნობას, რომელიც გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და ჩადენილია ძალადობის მუქარით.

ვახტანგ რობაქიძეს ბრალი წარედგინა ასევე სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას და მუქარას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანების მიმართ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ვახტანგ რობაქიძეს ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ოჯახთან ერთად ვახშმობდა, რა დროსაც ვახტანგ რობაქიძესა და ოხანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

რობაქიძე სამართალდამცავებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას სასამართლოს გადაწყვეტილებით 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
Print