ახალი ამბები
ბაკურიანის საბაგიროზე რუსული რუბლის გამოყენების ფაქტზე სუს-მა მოკვლევა დაიწყო
ბაკურიანში, ე.წ. 25-იანების საბაგიროზე საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი რუბლის გამოყენების ფაქტზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელება დაიწყო.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სუს-ის თავმჯდომარეობით მოქმედმა კომისიამ შესაბამისი პროცედურების განხორციელება მყისიერად დაიწყო.

საქმე ეხება ბაკურიანის საბაგიროზე, ჟეტონების ნაცვლად, ძველი რუსული რუბლის გამოყენების ფაქტს, რომელიც გუშინ გახდა ცნობილი სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ.

"ძალიან არ მინდოდა ნერვი ამეტოკებინა, მაგრამ, ვინ გაცდის. ბაკურიანში საბაგიროს ბილეთი, თუ წლების განმავლობაში რაღაც ფურცლის ნაგლეჯი იყო, ახლა მიმოქცევაში არც მეტი, არც ნაკლები რუბლი ჩაეშვა. გადაიხდი ლარს და იყიდი რუბლს თავისი ნამგალითა და უროთო, ზვიოზდაჩკითა და საიუზ სავეცკიხ სოციალისწიჩესკიხ რესბუბლიკით. ზრდრასტვიწე, სნოვიმ გოდომ, ცელუიუ.არ მჯერა" - წერს ფეისბუქზე ანა მარშანია

„აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარეობით მოქმედმა, „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრულმა კომისიამ ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერად დაიწყო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელება.

„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა“, - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.





Print