ახალი ამბები
ცვლილებები, რომელიც 1 იანვრიდან ამოქმედდა
1-ლი იანვრიდან თხევადი აირის აირბალონებისა და აირის სისტემების ტექინსპექტირება სავალდებულო გახდება. 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებული თხევადი აირის აირბალონისა და მისი სისტემის ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო გახდება.

შესაბამისად, მძღოლები ვალდებული იქნებიან, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს, თან იქონიონ თხევადი აირის აირბალონისა და შესაბამისი სისტემის ტექნიკური გამართულობის შესახებ ინსპექტირების სერტიფიკატი.

ის გაცემული უნდა იყოს აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ. ხოლო ამ სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, ავტომობილი პერიოდულ ტექინსპექტირებაზე არ დაიშვება. გათხევადებული აირის აირბალონი ექვემდებარება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას 5 წელიწადში ერთხელ, ხოლო თხევადი აირის სისტემა - 3 წელიწადში ერთხელ.

სპორტული ავტომობილისთვის აქციზი 100 ლარი იქნება

2020 წლის 1-ლი იანვრიდან სპორტული ავტომობილის აქციზის გადასახადი იცვლება. კერძოდ, ცვლილების თანახმად, სპორტული დანიშნულების ავტომობილისთვის აქციზის გადასახადის თანხა მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით აღარ განისაზღვრება.

საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, სპორტული დანიშნულების ავტომობილისთვის აქციზის გადასახადი ფიქსირებულად, 100 ლარი იქნება.

ცვლილების მიზეზი საავტომობილო სპორტისთვის შეღავათების დაწესება და სპორტის ამ სახეობის ხელშეწყობა იყო.

საოჯახო სასტუმროებისთვის სასმელი წყლის სპეცტარიფი ამოქმედდება

2020 წლის 1-ლი იანვრიდან საოჯახო სასტუმროებისთვის სასმელი წყლის ახალი ტარიფის მოდელი ამოქმედდება. ცვლილება შეეხება მხოლოდ იმ საოჯახო ტიპის სასტუმროებს, რომლის მფლობელი, ფიზიკური პირი, სასმელ წყალს ყიდულობს ერთდროულად - როგორც საკუთარი საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, ასევე მის საცხოვრებელ ადგილზე ტურისტთა განსათავსებლად, მათი სისტემატური და ორგანიზებული მომსახურებისთვის.

კომისიის მიერ დამტკიცებულია ორი ტიპის მოდელი და საოჯახო სასტუმროს მფლობელი უფლებამოსილია, მათგან ერთ-ერთი მოითხოვოს. პირველი მოდელის შესაბამისად, ობიექტზე სასმელი წყლის მოხმარება ერთობლივად აღირიცხება და ამ შემთხვევაში არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება მოხმარებული სასმელი წყლის მხოლოდ იმ ოდენობას, რაც აღემატება თვის განმავლობაში 25 კუბურ მეტრს. მეორე მოდელის მიხედვით, სასმელი წყლის მოხმარება განცალკევებულად აღირიცხება ობიექტის იმ ნაწილზე, სადაც ტურისტებს ემსახურებიან. ამ შემთხვევაში საოჯახო სასტუმროში ორი მრიცხველი იქნება - საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის და ტურისტებზე დახარჯული წყლისთვის და არასაყოფაცხოვრებო ტარიფიც მხოლოდ მას დაერიცხება.

მოწევა სტადიონზეც აიკრძალება

1-ლი იანვრიდან მოწევა სტადიონებსა და სპორტულ კომპლექსებშიც აიკრძალება. რეგულაციის დაკმაყოფილება მოუწევთ ისეთ სტადიონებს თუ სპორტულ დაწესებულებებს, რომელთაც ადმინისტრაცია ჰყავთ.

მათ ევალებათ სტადიონზე ამკრძალავი ნიშნების განთავსება და გულშემატკივართა ინფორმირება; შეუძლიათ მწეველთათვის მოსაწევი ადგილების გამოყოფა.

დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაცია პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებითი ქმედებისთვის სანქცია ათასი ლარია, მესამე და შემდეგ ჯერზე კი ჯარიმა უკვე 2 ათას ლარს აღწევს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 1-ელ იანვრამდე დასაშვები იყო თამბაქოს მოწევა სასტუმროს ნომრების არა უმეტეს 20%-ში და ასევე სტადიონის ტერიტორიის არა უმეტეს 50%-ში და ეს დაშვება ძალას დაკარგავს.

პირველი იანვრიდან სოციალური პაკეტები და სახელმწიფო პენსია იზრდება


პირველი იანვრიდან გაზრდილ სოციალურ პაკეტს, 114 ათასამდე შშმ პირი მიიღებს.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური პაკეტის ოდენობის ზრდა 20 ლარით. აღნიშნული ცვლილება შეეხება, ყველა კატეგორიის, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს (18 წლამდე).

ამასთან, 2020 წლის 1 იანვრიდან 20 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებენ საპენსიო ასაკის მქონე პირები.

სოციალური პაკეტებისა და პენსიის ზრდა 1 ივლისიდანაც მოხდება. 70 წელს ზემოთ პენსიონერებს, 18 წლამდე და პირველი ჯგუფის შშმ პირების პაკეტებზე 30 ლარიანი მატება მოხდება.

ახალი წლიდან, მთაში მცხოვრები, საპენსიო ასაკის პირები 220 ლარის ნაცვლად 264 ლარს მიიღებენ. 1 ივლისიდან კი 300 ლარს მიიღებენ, მთაში მცხოვრები ის პენსიონერები, რომელთა ასაკი 70 წელს აღემატება.

მომავალი წლიდან ფიზიკური პირებისთვის 112-ის მომსახურების საფასური ორმაგდება


2020 წლიდან საზოგადოებრივი მართვის ცენტრი „112“ - ის საფასური ფიზიკური პირებისთვის ორმაგდება. კერძოდ, მთავრობის დადგენილებით, ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის და ასევე, მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტები ყოველთვიურად 40 თეთრს გადაიხდიან.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან ფიზიკური და იურიდიული პირები „112“-ის მომსახურებაში ერთნაირ საფასურს გადაიხდიან. შესაბამისად, იურიდიული პირების მიერ გადახდილი საფასურის ოდენობაც 40 თეთრი იქნება.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ძალაში მყოფი მთავრობის დადგენილებით, 112-ის საფასური ფიზიკური პირებისთვის 20 თეთრი, ხოლო იურიდიული პირებისთვის 50 თეთრი იყო.

პირველი იანვრიდან დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო დაიწყებს ფუნქციონირებას


2020 წლის პირველი იანვრიდან ფუნქციონირებას დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო დაიწყებს. დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო მომავალი წლიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით არსებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს შეასრულებს. დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო გააგრძელებს არსებული დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებისა და სერვისების განხორციელებას, რაშიც შედის პროფესიული უნარების განვითარება, მომზადება-გადამზადება, სტაჟირება, სუბსიდირება, კონსულტირება და კარიერის დაგეგმვა, ამავე დროს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ს დაემატება ახალი ფუნქციები და გაიზრდება ეფექტურობა.

2020 წლიდან გარკვეული სპირტიანი სასმელების რეალიზაცია აიკრძალება

საქართველოს მთავრობამ სპირტიანი სასმელების შესახებ ახალი ტექნიკური რეგლამენტი დაადგინა, რომელიც განსაზღვრავს მოთხოვნებს სპირტიანი სასმელების დასახელებების, აღწერის, წარდგენისა და ეტიკეტირების შესახებ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ სპირტიანი სასმელების წარმოების, ბაზარზე განთავსებისა და წარდგენის პირობებს. რეგლამენტით რეგულაციები წესდება სპირტიანი სასმელების იმ კატეგორიებზე, რომელიც მზადდება ხილის ჩენჩოსგან, კურკოვანი ან უკურკო ხილისგან, კენკროვნების ან ბოსტნეულის სპირტისგან, თაფლისა და სხვა ნედლეულისაგან. წარდგენილი პროექტით დადგენილი მოთხოვნები ყველა ბიზნესოპერატორზე ვრცელდება. დადგენილებით, აიკრძალა სპირტიანი სასმელების ბაზარზე განთავსება ან რეალიზაცია ისეთ ჭურჭელში, რომელიც დახურულია ფოლგის ან ტყვიის კაფსულების შემცველი თავსახურით ან საცობით. ბიზნესოპერატორების ინტერესებიდან გამომდინარე, იმ სპირტიანი სასმელების განთავსება ბაზარზე, რომელიც არ შეესაბამება ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დაშვებულია 2020 წლის პირველ იანვრამდე.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ადამიანები ჰყვებიან როგორ უმოწყალოდ სცემდნენ მათ სპეცრაზმელები,
როდესაც დაკავების მომენტში გადაჰყავდათ მანქანაში.
14:00 / 30.11.2024
ადამიანები ჰყვებიან როგორ უმოწყალოდ სცემდნენ მათ სპეცრაზმელები, როდესაც დაკავების მომენტში გადაჰყავდათ მანქანაში.
იუსტიციის სახლის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ და
13:13 / 30.11.2024
იუსტიციის სახლის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ და "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ემიჯნებიან. განცხადებას, რომელსაც ამ დროისთვის ხელს აწერს იუსტიციის სახლის 500-ზემეტი თანამშრომელი
მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი - მტკივნეული და ემოციურია იმ
ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია!
12:42 / 30.11.2024
მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი - მტკივნეული და ემოციურია იმ ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია!
ახალციხეში,
შოთა რუსთაველის ძეგლთან, გუშინ ღამით აქციის დაშლისას დაშავებული
ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია
მიმდინარეობს.
18:41 / 29.11.2024
ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლთან, გუშინ ღამით აქციის დაშლისას დაშავებული ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.
თავდაცვის სამინისტროს მოქმედი
თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც
16:57 / 29.11.2024
თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ემიჯნებიან.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.