ახალი ამბები
ამ წუთებშიც კიბერშეტევას ვიგერიებთ - პროსერვისი
ჰაკერული თავდასხმა დღეს კომპანია პროსერვისის სერვერებზე განხორციელდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ სერვერებზე ჰაკერული თავდასხმა მიმდინარეობს და ამ წუთებშიც შეტევას იგერიებენ.
კომპანიაში ამ ეტაპზე ვერანაირ ინფორმაციას ვერ გასცემენ, მათ შორის ვერც იმას, თუ რამდენი ვებგვერდია დაჰაკული. მათი თქმით, დეტალური ინფორმაცია რამდენიმე საათში ექნებათ.

ამ ეტაპზე დაჰაკულია რამდენიმე სამთავრობო და კერძო ვებგვერდი, მათ შორის არიან მედიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. აღნიშნული საიტების გახსნისას ჩნდება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკააშვილის ფოტო წარწერით: I ll be back (მე დავბრუნდები).

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს. უწყებაში ამ ეტაპზე სხვა კომენტარს არ აკეთებენ.
Print