ახალი ამბები
"პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე რუსი დეპუტატის ყოფნა მძიმე მოვლენა იყო" - ირაკლი კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე რუსი დეპუტატის ყოფნა ძალიან მძიმე მოვლენა იყო და საბოლოო პასუხისმგებლობა მაინც პარლამენტის თავმჯდომარემდე მიდის, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.კობახიძის თქმით, მან გადადგომის გადაწყვეტილება იმ დღესვე მიიღო. ჟურნალისტების კითხვაზე, 20 ივნისს ტელეეთერში გადადგომის შესახებ დასმულ კითხვაზე რატომ განაცხადა, რომ ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებდა, კობახიძემ უპასუხა, რომ ეს ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ მისი გადადგომის მოთხოვნაზე რეაქცია იყო. მისივე განცხადებით, ეს არ ნიშნავდა გადადგომაზე უარის თქმას. "თუ საუბარია იმაზე, რაც 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში მოხდა, იყო სხვადასხვა ნიუანსი, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. როდესაც პარლამენტში მოხდა ის, რაც მოხდა, საბოლოო ჯამში პარლამენტის თავმჯდომარე სრულად არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც პარლამენტის შენობაში ხდება. აქედან გამომდინარე, პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე რუსი დეპუტატის ჯდომა ძალიან მძიმე მოვლენა იყო და საბოლოო პასუხისმგებლობა მაინც პარლამენტის თავმჯდომარემდე მიდის. ზუსტად ამის გამო მივიღე პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა მიმეღო. დღემდე ეს არის ჩემი პოზიცია“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, უარი გადადგომაზე არც ერთხელ არ უთქვამს.მისივე ინფორმაციით, პირველი ადამიანი, რომელთანაც მან გადადგომის შესახებ კონსულტაციები გაიარა და ვისაც საკუთარი გადაწყვეტილება გააცნო, ბიძინა ივანიშვილი იყო.

"იმავე დღეს მყარი პოზიცია მქონდა, რომელიც ჩვენს გუნდს შევთავაზე. აქ ორი ნიუანსი იყო. ერთი, რომ სხვა ქვეყანაში ვიყავი და იქ ყოფნისას ასეთი გადაწყვეტილების გახმოვანება არ არის სწორი და მეორე ნიუანსი - შემომთავაზეს ამ საკითხზე გუნდთან ერთად კიდევ ერთხელ მსჯელობა. შესაბამისად, ჩემი ვიზიტი შევწყვიტე, უახლოესი რეისით დავბრუნდი საქართველოში, პოლიტსაბჭოს ფორმატში კიდევ ერთხელ შედგა მსჯელობა და მე წარვადგინე ჩემი ინიციატივა და პოზიცია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში კონსულტაცია მქონდა და ინიციატივა შევთავაზე პარტიის თავმჯდომარეს,"- განაცხადა კობახიძემ.
Print