ახალი ამბები
საკირე-ტაძრისის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება
საკირესა და ტაძრისის ტყეში, ორივე ხანძრის კერა ამ დროისთვის ლოკალიზებულია. სალიკვიდაციო სამუშაოები ხვალ დილიდან გაგრძელდება. არასაკმარისი ხილვადობის გამო, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ადგილზე მუშაობა დაასრულა. პრევენციის მიზნით, ადგილზე რჩება ტექნიკა და ცოცხალი ძალა. რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი და რა ფართობი დაიწვა, ამ დროისთვის უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადგილობრივების თქმით, ცეცხლი ტყეში დაახლოებით 2 საათისთვის შენიშნეს, რის შემდეგაც შეატყობინეს შესაბამის სამსახურებს. ხანძარი საკირისა და ტაძრისის ტყეში თითქმის ერთდროულად გაჩნდა. ტერიტორია დასახლებული ზონიდან მოშორებით არის და მოსახლეობას ხანძრის შედეგად, საფრთხე არ შექმნია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 150-მდე მეხანძრე-მაშველისა და სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის 30-მდე თანამშრომლის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ორივე კერა ლოკალიზებულია.

ხანძრის ქრობის პროცესში თბილისის, ბორჯომის, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების მეხანძრე-მაშველები და სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის მეტყევეები არიან ჩართულნი.
Print