ახალი ამბები
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რაოდენობა გაიზრდება
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპტიმიზაციის გეგმაზე მუშაობს, რის ფარგლებშიც ამჟამად რესურსების შეფასება მიმდინარეობს. შსს-ს რეფორმებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსის ბექა ლილუაშვილის თქმით, ეკიპაჟების ზრდა შესაძლებელია მოხდეს როგორც დამატებით კადრების აყვანით, ასევე შსს-ში არსებული რესურსითაც.

„ბოლო პერიოდში პატრულს დაემატა დაახლოებით ხუთამდე ახალი სამართალდარღვევის ადმინისტრირების ფუნქცია. ამავდროულად, ფაქტობრივად ყოველწლიურად 9%-მდე იზრდება ავტომობილების რიცხვი. აქედან გამომდინარე ოპტიმიზაცია გულისხმობს ადეკვატური რესურსის მობილიზებას და არა ადამიანების გაშვებას. აქ ასევე საუბარია შიდა რესურსის საპატრულო ეკიპაჟებში გადანაწილებაზე. პატრულის ინსტიტუტის დაფუძნებიდან, ფაქტობრივად, ეკიპაჟების რაოდენობა არ გაზრდილა და ამან გამოიწვია ის, რომ არაპროპორციულია ის რესურსი, რომელიც საპატრულო პოლიციას აქვს. ჩვენ ვსაუბრობთ ოპტიმიზაციაზე, არამხოლოდ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების ზრდის ნაწილში, არამედ საპოლიციო ტექნოლოგიების და ეფექტიანობის ზრდის ნაწილში“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, საჭიროებების შეფასების შემდეგ შსს შესაბამისი მოთხოვნით მთავრობას მიმართავს და საბოლოოდ მთავრობა გადაწყვეტს, რამდენით ან როგორ გაიზრდება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რაოდენობა.

„მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ შეფასდეს რესურსების რაოდენობა. შემდეგ სამინისტრო ამის ინიცირებას მოახდენს და მთავრობაზე გაიტანს. შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ გვჭირდება დამატებით 20 ეკიპაჟი, თუმცა მთავრობამ დაგვიმატოს მხოლოდ ათი ან პირიქით, გვითხრას, რომ გვჭირდება 30. საბოლოო გადაწყვეტილება მთავრობაზეა“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.
Print