Error
ახალი ამბები
„იბერიას“ დახურვამ და სამი ტელევიზიის შერწყმამ შეამცირა საქართველოში მედიაპლურალიზმი - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი
ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვამ და 2017 წელს სამი ტელევიზიის შერწყმამ შეამცირა საქართველოში მედიაპლურალიზმი, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ 2018 წლის ანგარიშში.

„საქართველოში დამოუკიდებელი მედია ძალიან აქტიური იყო და ფართო სპექტრის მოსაზრებებს გამოთქვამდა. 17 ოქტომბერს დამოუკიდებელმა ტელევიზიამ „იბერია“ მაუწყებლობა შეაჩერა. არხის მფლობელის განცხადებით, ფინანსური პრობლემები დაკავშირებული იყო ხელისუფლების მხრიდან ზეწოლასთან. „იბერიის“ დახურვამ და 2017 წელს სამი ტელევიზიის შერწყმამ შეამცირა მედიაპლურალიზმი და გაზარდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ მედიასაშუალებების კონცენტრაცია. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელებსა და მმართველ პარტიას შორის ახლო ურთიერთობა, ხოლო მედიამონიტორინგის ორგანიზაციებმა აღნიშნეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო მიკერძოებულობა მმართველ პარტიასთან მიმართებაში“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ „კანონით მედიასაშუალებები ვალდებულნი არიან გაამჟღავნონ ინფორმაცია მათი მფლობელების შესახებ

„„მიუხედავად იმისა, რომ მედიასაშუალებების საკუთრების გამჭვირვალობამ მომხმარებლებს საშუალება მისცა, შეეფასებინათ ახალი ამბების ობიექტურობა, კანონი, რომელიც მაუწყებლებს აიძულებდა გაემჟღავნებინათ ინფორმაცია მათი დაფინანსების წყაროს შესახებ, არ აიყო სრულად აღსრულებული“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება და არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ გამოხატავდნენ შეშფოთებას ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორიც არის მედიაპლურალიზმი და პოლიტიკური გავლენა მედიაში, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად არის განწყობილი.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print