ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის დახვეწა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავია-ირაკლი კობაიძე
„პარლამენტი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების იდეის, დეცენტრალიზაციის იდეის ძალიან აქტიური მხარდამჭერი და აქტიურად იქნება ჩართული ყველა იმ რეფორმის განხორციელებაში, რომელიც დეცენტრალიზაციასთან და საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებასთან არის დაკავშირებული“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სიმბოლურია, რომ დღევანდელი ღონისძიება საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი არჩევნების ჩატარებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე გაამახვილა, სადაც, მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის გარანტიები კიდევ უფრო მკაფიო და ქმედითი გახდა.

„დღევანდელ კონსტიტუციაში ასახულია სუბსიდიარობის პრინციპი, ასახულია ყველა ის პრინციპი, რომელსაც ეფუძნება განვითარებული, ევროპული ტიპის ადგილობრივი თვითმმართველობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ამ საკითხების კონსტიტუციის დონეზე მოწესრიგება საკმარისი არ არის და მნიშვნელოვანია, ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის განვითარებისთვის პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგას.

„ამისთვის არის პირველ რიგში, საჭირო, მკაფიო ხედვის არსებობა, დეცენტრალიზაციის სტარტეგიის არსებობა და მოხარული ვარ, რომ ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს მთავრობა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და რა თქმა უნდა, პარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას აქტიურად იყოს ჩართული ამ პროცესში. ამ სტრატეგიის უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს, რა თქმა უნდა, დეცენტრალიზაციის განხორციელება, რაც გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის მეტი უფლებამოსილებისა და მეტი რესურსების გადაცემას და რა თქმა უნდა, ეს რეფორმა წარმატებული ვერ იქნება, თუ არ განხორციელდა შესაბამისი ინსტიტუციური რეფორმები და თუ არ გაძლიერდა ადგილობრივი თვითმმართველობის ადამიანური რესურსები. აქეთკენ უნდა იყოს მიმართული თითოეული ჩვენგანის საქმიანობა და ძალისხმევა.

თვითმმართველობა არაფერია, თუ არ არის უზრუნველყოფილი მოქალაქეთა აქტიური ჩართულობა თვითმმართველობის, ადგილობრივი ხელისუფლების განხორციელებაში. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ამ ჩართულობის მექანიზმების დახვეწას და დღეს პარლამენტი, მთავრობასთან ერთად, აქტიურად მუშაობს ასეთი ახალი ინსტიტუციური მექანიზმების შექმნაზე, რომელიც მიმართული იქნება მოქალაქეების მაქსიმალურად აქტიურ ჩართულობაზე ადგილობრივი ხელისუფლების განხორციელებაში. მიმდინარე რეფორმების გათვალისწინებით, ეს ფორუმი წარმოადგენს კიდევ ერთ ძალიან კარგ შესაძლებლობას იმისთვის, რომ თანმიმდევრული ხასიათი მიეცეს დეცენტრალიზაციის რეფორმას, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების პროცესს. ეს ფორუმი უნდა გახდეს, ასევე, საფუძველი იმისთვის, რომ მომზადდეს დახვეწილი სტრატეგია დეცენტრალიზაციისთვის“ - განაცხადა  პარლამენტის თავმჯდომარემ.

Print