ახალი ამბები
რეგიონების პრეზიდენტი ვიქნები - სალომე ზურაბიშვილი
არ შეიძლება ყველაფერი თბილისში იწყებოდეს და მთავრდებოდეს, რეგიონების პრეზიდენტი ვიქნები, რადგან თუ ძლიერი რეგიონები არ იარსებებს, სახელმწიფო ვერ იქნება ძლიერი - ამის შესახებ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გორში ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს ყველას და პირველ რიგში მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომ მათ სამუშაო ადგილები შექმნან. რეგიონები ისე უნდა გაძლიერდნენ, რომ იქიდან წასვლა არც დედაქალაქში და არც უცხოეთში არავის მოუნდეს, მანამდე ვერ ვიქნებით ის განვითარებული ქვეყანა, რომლისკენაც ვისწრაფვით.

„მე ვიქნები თქვენს გვერდით, რომ ეს რეგიონები თავისი მიმართულებებით გავაძლიეროთ, მე ვიქნები თქვენი ელჩი გარეთ, ექსპორტის ბაზრებზე, ექსპორტის ბაზარი აღარასოდეს იქნება მხოლოდ რუსეთი. ჩვენთვის მსოფლიო ღიაა და უფრო მეტადაც შეიძლება მსოფლიოს ბაზრები გაიხსნას. მე გარწმუნებთ, რომ ჩემი წარსული გამოცდილებით ამაზე ვიმუშავებ. ვფიქრობ, მაქვს შესაძლებლობა, რომ ამ დარგში გარკვეული შედეგები მივიღოთ, ისევე როგორც ეს მოხდა სხვა დარგში“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.


Print