უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოვლინდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის
გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, შემდგომი რეალიზაციის მიზნით,
ქალაქ თბილისში 999 კოლოფი ე.წ. ელექტრო სიგარეტისთვის განკუთვნილი
„HEETS”-ის ფირმის უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვას
ახდენდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული სიგარეტის
საერთო საბაზრო ღირებულება 4 995 ლარს შეადგენს.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.