ახალი ამბები
ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელის დამზადება-გასაღების და ყალბი აქციზური მარკების გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის რეგიონში, ბრალდებული ყალბი აქციზური მარკებით ნიშანდებული, კუსტარულად დამზადებული ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელის - ვისკი ჯეკ დენიელსის რეალიზაციას ახდენდა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ყალბი აქციზური მარკებით ნიშანდებული 87 ბოთლი ვისკი და 93 ერთეული ყალბი აქციზური მარკა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის და მე-200 პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

Print