ახალი ამბები
ბორჯომში საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით აქცია დასრულდა
ბორჯომში, ყოფილი გამგეობის შენობასთან ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრების და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობდა.

აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძემ ხელი მოაწეროს საკრებულოს დადგენილებას, რომელიც მერიის თანამშრომლების სახელფასო ფონდის მატებას შეეხება, ასევე აქციის მონაწილეები მოითხოვენ საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძემ დატოვოს დაკავებული თანამდებობა.

”ზაზა ჩაჩანიძის და ”ნაციონალური მოძრაობის” გარეშე ბორჯომს გაუმარჯოს. ჩვენ აქ მხოლოდ ხელფასების მატების გამო არ შევიკრიბეთ. ჩვენ ვითხოვთ, რომ ჩვენი შრომის ანაზღაურება ავიღოთ იმიტომ, რომ ბორჯომი უფრო გალამაზდეს. არ შეიძლება ერთი ღვარძლიანი ადამიანის ინტერესებს შეეწიროს ბორჯომის მოსახლეობა”, - განაცხადა საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კვირკველიამ.

საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას საკრებულოს კიდევ ერთი წევრის, ”ქართული ოცნების” წარმომადგენლის ლევან ლონდარიძის თქმით, ზაზა ჩაჩანიძეს არ აქვს არანაირი იურიდიული უფლება არ მოაწეროს ხელი საკრებულოს გუშინ მიღებულ დადგენილებას.

”მთავარი მიზანი და მოთხოვნაა, რომ ზაზა ჩაჩანიძე გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. მას არ აქვს უფლება არ მოაწეროს ხელი დადგენილებას. თუ ხელს არ მოაწერს, ჩვენ სასამართლოში ვიჩივლებთ, რადგანაც საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე შედგა კვორუმი. სხდომას ვესწრებოდით ”ქართული ოცნების” 13 და ”პატრიოტთა ალიანსის” 4 დეპუტატი, შესაბამისად სხდომა ლეგიტიმურად ჩატარდა”, - განაცხადა ლევან ლონდარიძემ.

აქცია ბორჯომში მშვიდობიან ვითარებაში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
Print