ახალი ამბები
შსს იმ მიზეზს განმარტავს, რის გამოც პოლიციელები ბორჯომის საკრებულოს შენობაში ოპოზიციონერ დეპუტატებს, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარეს არ უშვებენ
შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ მიზეზს განმარტავს, რის გამოც ბორჯომის საკრებულოს შენობაში ოპოზიციონერ დეპუტატებს, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარეს არ უშვებენ.
ეს თავად აღნიშნული პირების უსაფრთხოების დაცვის მიზნით ხდება, რასაც სამართალდამცავები კანონით მინიჭებული უფლების ფარგლებში ახორციელებენ.

"დაპირისპირებისა და თავიდან აცილების, ასევე თავად აღნიშნული პირების უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ ხდება ბორჯომის საკრებულოს შენობაში კონკრეტული ადამიანების შეშვება. აღნიშნულს ჩვენ ვახორციელებთ კანონით მონიჭებული უფლებით, რომელსაც "პოლიციის შესახებ" კანონის 25-ე მუხლი არეგულირებს. ამ მუხლის მიხედვით, პოლიციელი უფლებამოსილია, ნებისმიერ პირს მოსთხოვოს გარკვეული ადგილის განსაზღვრული დროით დატოვება ან აუკრძალოს მას კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად", - განაცხადეს შსს-ში.

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის განცხადებით, მას და მის ოპოზიციონერ კოლეგებს საკრებულოს შენობაში შესვლის და მუშაობის საშუალება არ ეძლევათ.

რაც შეეხება ბორჯომის მუნიციპალიტეტის შენობას, ამ დროისთვის შენობაში იმყოფებიან საკრებულოს თანამშრომლები, რომლებიც პარტია "ქართული ოცნებას" წარმოადგენენ, ასევე ბორჯომის მერიის თანამშრომლები.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ, დღის განმავლობაში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. საკრებულოში ბორჯომის მერიის თანამშრომლების ხელფასების მატების საკითხის განხილვა იყო დაგეგმილი. 26 დეპუტატიდან საკითხის დამტკიცებას მხარი "ქართული ოცნების" 11-მა დეპუტატმა დაუჭირა. 15-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კი აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ხელფასების საკითხი თავდაპირველად ჩავარდა, რასაც
ბორჯომის მერიის თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა. ისინი დღეს გაფიცვას და ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.

დღეს დილიდან კი ბორჯომში სამართალდამცველების დიდი რაოდენობა არის მობილიზებული.
Print