ახალი ამბები
სასამართლო რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ პაკეტს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო
სასამართლო რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ პაკეტს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

შესაბამისად, ქვეყნის პირველი პირი აღნიშნულ პაკეტთან დაკავშირებით პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს გადაუგზავნის.

სასამართლო სისტემის რეფორმირების "მესამე ტალღის" შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა დეკემბერში მიიღო. პრეზიდენტს ის ხელმოსაწერად 10 იანვარს გადაეგზავნა.

საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი სიახლე სასამართლოებში საქმეების ელექტრონული განაწილების წესის შემოღებაა. კანონში კონკრეტდება მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესების მახასიათებლები - თუ რა პიროვნული და პროფესიული მახასიათებლების მატარებელი უნდა იყოს პირი, რომ ის მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნოს.

პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა 16 წევრით განისაზღვრება, ნაცვლად პლენუმის მიერ რაოდენობის განსაზღვრისა.

კანონპროექტით გათვალისწინებულია დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის შემოღება და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის შექმნა.

ამასთან, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წინადადების გათვალისწინებით, "საერთო სასამართლეობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებში აისახა საკანონმდებლო წინადადება, რომლის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები გამოსცდელი ვადის გავლის და ასევე, საკვალიფიკაციო გამოცდის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან. შესაბამისად, გამოსცდელი ვადის გასვლის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან სავალდებულო შეფასებას, უზენაესი სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები აღარ დაექვემდებარებიან.

პარლამენტის მიერ საბოლოოდ დამტკიცებულ ვარიანტში ასახული აღარ არის ის რამდენიმე სიახლე, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმის ფარგლებში მთავრობამ მოამზადა. კერძოდ, აღარ გაუქმდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, ასევე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეების ინსტიტუტი. გარდა ამისა, სასამართლოების თავმჯდომარეებს კვლავ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დანიშნავს, ნაცვლად მოსამართლეების მიერ თავმჯდომარეების არჩევისა, რაც იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტში იყო წარმოდგენილი. ეს უკანასკნელი საკითხი პარლამენტში ცხადე დებატების თემას წარმოადგენდა, რამაც პროექტის მიღება გააჭიანურა კიდეც.

Print