ახალი ამბები
„იძულებული გავხდი წავსულიყავი“ - ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები ბორჯომის ერთ-ერთ სამსახურში შევიწროებაზე, დისკრიმინაციულ მოპყრობაზე საუბრობენ
ბორჯომში, ერთ-ერთ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირობითად მზია (სახელი შეცვლილია) იძულებული გახდა სამსახური დაეტოვებინა. ამის მიზეზი როგორც თავად ამბობს, ამავე სამსახურში, შედარებით მაღალ საფეხურზე მყოფი პირისგან პირობითად ნოდარისგან (სახელი შეცვლილია), მუდმივი სიტყვიერი შეურაცხყოფა და დისკრიმინაციული მოპყრობა იყო, რომელიც წლების მანძილზე გრძელდებოდა. როგორც თავად გვიყვება, აღნიშნული პირი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა სამუშაოს შესრულების დროს, აიძულებდა დამატებითი საქმის შესრულებას და მძიმე ტვირთვის ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე გადატანას. მზიამ მიმართა სამსახურის უფროსს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუმცა მათი მხრიდან სიტყვიერმა გაფრთხილებამ ცოტა ხნით იმოქმედა. მისი თქმით, მცირე პაუზის შემდეგ შეურაცხყოფების სერია კვლავ გრძელდებოდა.


„იყო ლანძღვა, გინება, უწმაწური სიტყვები, მუქარა სამსახურიდან გაგდებაზე. სხვა თანამშრომლებს აფრთხილებდა მძიმის აწევის დროს არ დაეხმაროთო, იძულებული გახდება და სამსახურიდან წავაო. ხელშეკრულების პირობებში რაც არ მეწერა, იმის გაკეთებასაც მაიძულებდა. მერე მეუბნებოდა, თუ არ შეგიძლია მუშაობა, გაგაგდებ სამსახურიდანო და რა უფლება ჰქონდა, სამსახურში მას არ მივუღივარ და ეგ როგორ გამაგდებდა. უფროსსაც ვუთხარი ამის შესახებ და უფროსმა გააფრთხილა. თუმცა, გაფრთხილება ჰყოფნის რამდენიმე დღით. შემდეგ ისევ აგრძელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. იქ კაცებიც მუშაობენ და იმათ არაფერს ერჩის. სამსახურში ჩვენ ორ ქალზეა გადაკიდებული. არ ვიცი რატომ, მიზეზი ჩემთვისაც უცნობია. ვის არ მივმართეთ, ვინ არ გააფრთხილა, თუმცა, ეს ყველაფერი იყო დროებითი. მე ამ პირობებში მუშაობას ვეღარ გავუძელი და იძულებული გავხდი დამეტოვებინა სამსახური“ - გვიყვება მზია.


იგივე პირისგან არაადამიანური, დისკრიმინაციული მოპყრობის და სიტყვიერი შეურაცხყოფის ობიექტია კიდევ ერთი დასაქმებული, რომელიც აღნიშნულ სამსახურში მუშაობას დღემდე აგრძელებს, თუმცა ერთ-ერთი კონფლიქტის დროს, იძულებული გახდა პოლიციისთვის მიემართა. პირობითად ნატო (სახელი შეცვლილია), გვიყვება როგორ ავალებდა ახლადნაოპერაციებს მძიმე საქმის შესრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებოდა.


„სამსახურში რაც გვეხება ყველაფერს ვაკეთებთ, თუმცა უცენზურო სიტყვებს გვეუბნება და შეურაცხყოფას გვაყენებს. ძალიან უზრდელი ადამიანია, არავისთან არ ერიდება ჩვენს ლანძღვას, გინებას. ისეთ სიტყვებს გვეუბნება, რომ ვერც გაიმეორებ. სამსახურში მისვლა აღარ მინდა. იყო შემთხვევა როდესაც ოპერაცია გავიკეთე და ამის მიუხედავად, უფროსთან შეთანხმებით მაინც დავუბრუნდი სამუშაო გარემოს, თუმცა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მძიმეს აწევა არ შეიძლებოდა. ვუხსნიდი ამ პიროვნებას, რომ ფიზიკურად მძიმე საქმეს ვერ გავაკეთებდი, რადგან ნაკერები გამეხსნებოდა. მან კი მიპასუხა, თუ არ შეგიძლია მუშაობა, წადი და სახლში დაეგდეო, აქ მე ავადმყოფები არ მჭირდებაო. ვუთხარი, რომ უფროსს ვეტყოდი ამ ყველაფერს, თუმცა მითხრა, რომ არ აინტერესებდა. სადაც გინდა იქ მიჩივლეო. უფროსსაც ვუთხარი, მანაც გააფრთხილა და რაღაც პერიოდი ხმას არ იღებდა, თუმცა მერე ისევ თავიდან მეორდებოდა იგივე. ერთ დღეს კი როდესაც პირად შეურაცხყოფაზე გადმოვიდა და ისეთი რამ მითხრა, რასაც არავის ვაპატიებდი, მაშინ მივმართე პოლიციას. ამის შემდეგ შეურაცხყოფა აღარ მოუყენებია. იმედი მაქვს ასეც იქნება, სხვა შემთხვევაში კიდევ სხვა ზომებს მივმართავ“ - გვეუბნება ნატო.



ნატომ და მზიამ (სახელები შეცვლილია) საკითხის გაშუქების მიზნით, ტელეკომპანია „ბორჯომს“ თავად მიმართეს. მათ ამბავს გიყვებით ანონიმურობის დაცვით. შესაბამისად, კონფიდენციალურია მათი და იმ პირის ვინაობა, რომელიც დასაქმებულებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. თითოეული მათგანის სახელი სტატიაში შეცვლილია.

ქალებს აინტერესებთ ვინ და როგორ შეძლებს მათ დახმარებას და ასეთ შემთხვევაში რომელ უწყებებს შეიძლება მიმართონ სამუშაო ადგილზე საკუთარი უფლებების დასაცავად.


მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აკრძალულია დისკრიმინაცია დასაქმებულის მიმართ. დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმას ასევე წარმოადგენს შევიწროება. ასევე, მოქმედი შრომის კანონმდებლობით დასაქმებულის თანხმობისა და შესაბამისი ანაზღაურების მიცემის გარეშე უკანონოა ისეთი საქმეების შესრულების დავალდებულება, რომელიც თანხვედრაში არ მოდის თანამდებობრივ ინსტრუქციასთან.


დისკრიმინაციის - შევიწროების ფაქტებს, ადგენს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტი. დასაქმებულ(ებ)ს აქვს უფლება დისკრიმინაციის შემთხვევაში მიმართოს სახალხო დამცველს და მოითხოვოს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა. ომბუდსმენის აპარატში განგვიცხადეს, რომ დაზარალებულებს დაკავშირება ცხელ ხაზზე: 14 81-ზე შეუძლიათ. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ მიმართვის შემთხვევაში შეისწავლიან თითოეულ ქეისს.


რაც შეეხება პროფკავშირების გაერთიანებას, რომელიც ორგანული კანონის შესაბამისად, იცავს დასაქმებულთა ინტერესებს, ძირითად შემთხვევაში მათი წევრების უფლებებს, თუმცა მიმართვის შემთხვევაში კონსულტაციას უწევს ყველა დასაქმებულს. მათთან დაკავშირება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომერზე: 032 2 24 24 49.


„იმის გათვალისწინებით, რომ ხშირია დასაქმებულთა უფლებების დარღვევის ფაქტები ჩვენს ქვეყანაში, პროფკავშირების გაერთიანება კონსულტაციას ვუწევთ ყველა დასაქმებულს რომელიც მოგვმართავს, მიუხედავად წევრობისა. ხოლო, სასამართლოსა და სხვა ორგანოებში დახმარებას ვუწევთ არაწევრ დასაქმებულებსაც. ისეთ შემთხვევებში, როდესაც დასაქმებულს არ აქვს შესაძლებლობა აიყვანოს კერძო ადვოკატი და ამასთან, მის მიმართ განხორციელებული დარღვევები არსებითია და მისი გადაწყვეტა გავლენას მოახდენს დასაქმებულთა ფართო სპექტრზე. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ დამსაქმებლის ვალდებულებაა არა მხოლოდ არ დაუშვას სამუშაო ადგილზე დისკრიმინაცია-შევიწროება, არამედ ასეთი ფაქტ(ებ)ის აღკვეთა, კომპანიაში ისეთი მექანიზმების დანერგვა, რომელიც დისკრიმინაციის პრევენციას მოახდენს. იმ შემთხვევაში, თუ ეს ვალდებულებები არ სრულდება დამსაქმებლის მხრიდან, არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკრეტული მექანიზმები, რომლითაც თავი უნდა დაიცვას დასაქმებულმა. მოცემულ შემთხვევაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონკრეტული სიტუაციის დეტალურად გაცნობა, რათა შევძლოთ დასაქმებულების დახმარება, რომლებიც თვლიან, რომ სამუშაო ადგილზე არაღირსეულად მოპყრობის ქვეშ არიან და ელახებათ უფლებები. დასაქმებულებს შეუძლიათ დაგვიკავშირნენ ჩვენ ელექტრონულ ფოსტაზე : This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it , ან ცხელ ხაზზე: 032 2 24 24 49 ან სოციალურ ქსელ facebook-ზე, სადაც გავუწევთ კონსულტაციას“ – განგვიცხადა პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ თამარ სურმავამ.


უფლებების დაცვის კიდევ ერთი საშუალება არის შრომის ინსპექციის სამსახურისთვის მიმართვა, რომელსაც აქვს სრული მანდატი ზედამხედველობა განახორციელოს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაცია, სექსუალური შევიწროვება, იძულებითი შრომა და შრომითი ექსპლუატაცია, შრომითი მედიაციით მიღწეული შეთანხმებები და სხვა კანონმდებლობით გარანტირებული ის ფუნდამენტური შრომითი უფლებები, რომელთა დაცვა უზრუნველყოფს დასაქმებულთათვის ჯანსაღ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას. შრომის ინსპექციის სამსახურში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი - 15-75, რომელიც, უწყების მანდატის ფარგლებში გასცემს შესაბამის კონსულტაციებს.


„იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული თვლის, რომ სამუშაო ადგილზე ირღვევა მისი შრომითი უფლებები, მნიშვნელოვანია საჩივრით მიმართოს შრომის ინსპექციის სამსახურს, რომელიც ინსპექტირების გზით მოიკვლევს კონკრეტულ შემთხვევას და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში დამსაქმებელს დააკისრებს შესაბამის სანქციას. შრომის ინსპექციის სამსახურში საჩივრის დაფიქსირება შესაძლებელია ადგილზე მოსვლით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. მის: თბილისი-თამარაშვილის 15ა; ქუთაისი - ირაკლი აბაშიძის გამზირი N26; ბათუმი- ფიროსმანის N1ა; ელ. ფოსტა- This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it - გვიპასუხეს წერილობით შრომის ინსპექციის სამსახურში.



ამ უწყებების გარდა, კიდევ ერთი მექანიზმი სასამართლოსთვის მიმართვაა, სადაც დასაქმებულს თუ ნებისმიერ დაზარალებულს საკუთარი უფლებების დაცვაზე შეუძლია იდავოს.


რაც შეეხება სტატისტიკას. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სამუშაო ადგილზე შევიწროების მასშტაბების შესახებ კვლევები არ ჩატარებულა, თუმცა, სხვა ქვეყნების მაგალითების გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ შევიწროება ქვეყანაში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

„მაგალითისათვის, ევროკავშირის ქვეყნებში, დასაქმებულთა საშუალოდ 5% არის შევიწროების მსხვერპლი, თუმცა, მნიშვნელოვნად განსხვავდება მაჩვენებლები ქვეყნებს შორის და 2%-დან 17%-მდე მერყეობს. შევიწროება ეხება დასაქმების ყველა სფეროს. ქალები, შედარებით მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებს წარმოადგენენ“ - აღნიშნულია ანგარიშში.


სამუშაოსთან დაკავშირებული ძალადობა, ევროპის კომისიის მიერ გამოყენებული განმარტების თანახმად, მოიცავს „ინციდენტებს, როდესაც თანამშრომლებს ცუდად ეპყრობიან, ემუქრებიან ან თავს ესხმიან სამსახურთან დაკავშირებულ გარემოებებში, მათ შორის, სამუშაო ადგილზე მოსვლისა და წასვლისას, რომელიც მოიცავს ღია ან ფარულ გამოწვევას თანამშრომელთა უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და ჯანმრთელობისათვის“. ცუდი მოპყრობა გულისხმობს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალის ბოროტად გამოყენებას და მოიცავს ჩაგვრასა და შევიწროებას. ევროკავშირის სამართალი შევიწროებას პირდაპირი დისკრიმინაციის ფორმად განიხილავს. აღნიშნული მიდგომა საქართველოს კანონმდებლობაშიც აისახა.


„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შევიწროება განიმარტება, როგორც „ნებისმიერი ნიშნით პირის დევნა, იძულება ან/და პირის მიმართ არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას“ (მუხლი 31). აღნიშნული ცვლილება კანონში 2019 წლის თებერვლიდან არის შესული“.



შესაბამისად, მოქალაქე(ებ)ს შევიწროებისგან და დისკრიმინაციული მოპყრობისგან კანონი იცავს. ამასთან, დაზარალებულის ინტერესების დაცვას შესაბამისი უფლებადამცველი ორგანიზაციებიც ცდილობენ. საკუთარი უფლებების დასაცავად მზია და ნატო (სახელები შეცვლილია), რომელ უწყებას მიმართავენ და ვინ რა რეაგირებას მოახდენს, მოვლენებს ტელეკომპანია „ბორჯომი“ თვალს მიადევნებს.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
21 ნოემბრიდან საქართველოს
დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი
ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად
ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ,
სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით
არის განპირობებული.
13:55 / 22.11.2024
21 ნოემბრიდან საქართველოს დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.
ზამთრის პერიოდში, პირველი
დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო
საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას
შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
12:54 / 22.11.2024
ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ ბორჯომში შეხვედრა
გაიმართა.
11:43 / 22.11.2024
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ ბორჯომში შეხვედრა გაიმართა.
მე-11 მოწვევის პარლამენტი 25
ნოემბერს შეიკრიბება. ერთ-ერთი პირველი საკითხი მთავრობისთვის ნდობის
გამოცხადება იქნება.
10:06 / 22.11.2024
მე-11 მოწვევის პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება. ერთ-ერთი პირველი საკითხი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება იქნება.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.