ახალი ამბები
"არა რუსულ კანონს" - 8 მაისს ბორჯომში აქცია გაიმართება
ბორჯომში, "რუსული კანონის" გასაპროტესტებლად 8 მაისს, 17:00 საათზე აქცია გაიმართება. ადგილობრივები წმინდა ნინოს ქუჩა №3-ში, გამგეობის ყოფილი შენობის მიმდებარედ შეიკრიბებიან. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება.



როგორც ღონისძიების ინფორმაციაშია აღნიშნული, "რუსული" კანონი:


❌ ქმნის მისი ინსტრუმენტად გამოყენების საფრთხეს NGO-ების, მედიის, და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ნებისმიერი ადამიანის ან ორგანიზაციის მიმართ;

❌ გვაშორებს ევროპას;

❌ ქმნის ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საფრთხეს;

❌ გვაკარგვინებს სტრატეგიულ პარტნიორებს;

❌ აუარესებს ურთიერთობას დასავლელ ინვესტორებთან, რასაც ზეგავლენა ექნება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე;

❌ მარტო გვტოვებს ოკუპანტ რუსეთთან;

❌ იდენტურია რუსეთში 2012 წელს მიღებული კანონის, რომელიც სწორედ გამჭვირვალობის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული;

❌ ქმნის ქვეყნის ბელარუსის მსგავს იზოლირებულ ქვეყნად ქცევის საშიშროებას;

❌ ამძაფრებს საზოგადოების პოლარიზაციას.



შეგახსენებთ, სამცხე-ჯავახეთში აქცია "არა რუსულ კანონს" ახალციხეში 2 მაისს გაიმართა, სადაც ადგილობრივები რეგიონიდან შეიკრიბნენ და პარლამენტში "რუსული კანონის" განხილვის პროცესი გააპროტესტეს. აქცია, ხვალ, 8 მაისს, ამჯერად ბორჯომშია დაანონსებული. 

ცნობისთვის, 1 მაისს საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო. დაახლოებით 20 დღეზე მეტია თბილისში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ყოველდღიურად მიმდინარეობს. დედაქალაქის მაცხოვრებლების და რეგიონებიდან წასული მოქალაქეების საერთო გზავნილია:
"კი ევროპას, არა რუსულ კანონს!"
Print