ახალი ამბები
ვინც წერს, რომ უბრალოდ დეკლარაციის შევსებაზეა ლაპარაკი, მართლა ასეთი გულუბრყვილოა? - მაია ბუწაშვილი
ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, პირად ფეისბუქ გვერდზე რუსულ კანონს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

"დღევანდელი სიტუაცია ახალ კანონთან დაკავშირებით სრულიად მკაფიოა. შარშან არგუმენტებით ვცდილობდი დასაბუთებას, რატომ არის ეს კანონი ქვეყნის განვითარების და ევროინტეგრაციისთვის ხელის შემშლელი. ახლა ერთადერთი კითხვა მიბურღავს ტვინს - ვინც წერს, რომ უბრალოდ დეკლარაციის შევსებაზეა ლაპარაკი და რა პრობლემაა, მართლა ასეთი გულუბრყვილოა და სჯერა, რომ ყველაფერი მხოლოდ დეკლარაციის შევსებამდე დადის, თუ დემაგოგები არიან? რა ვიცი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ მაინც - მარტო დაფინანსების წყაროების ჩამოთვლას რაში ჭირდება უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსი? შეიხედეთ არასამთავრობოების საიტებზე და დეტალურად არის ჩამოთვლილი დაფინანსების წყაროები.
სხვა მაგალითებს არ მოვიყვან, ეს ერთიც საკმარისია - მთავარი აგენტები ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრია, რომლებმაც უცხო ქვეყნის (აშშ) გავლენა გაატარეს 80 ათასზე მეტი ადამიანის C ჰეპატიტისგან განკურნების პროცესში და დღემდე აგრძელებენ ამ აგენტურულ საქმიანობას!"-
წერს მაია ბუწაშვილი.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ პარლამენტში განსახილველად 3 აპრილს დააბრუნა კანონპროექტი, რომელიც 2023 წლის მარტში, მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ იძულებით ჩააგდო. ხალხმა მას „რუსული კანონი“ დაარქვა და დღემდე ასე უწოდებს.

სადავო კანონპროექტის კვლავ ინიცირებას საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაქციები მოჰყვა. ისინი ერთხმად მიუთითებენ, რომ მისი დამტკიცება საქართველოს ევროპულ გზას ჩამოაშორებს.

ევროპარლამენტის რამდენიმე ათეული წევრი მოუწოდებს ევროკომისიას - შეისწავლოს, რამდენად შეესაბამება საქართველოს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილებები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, რაც საქართველომ ახლახან მიიღო.

ტექსტის მიხედვით, არ გამოირიცხება „საწყის ეტაპზე“ დაბრუნება - სტატუსის ჩამორთმევა.



Print