ახალი ამბები
ადიგენში საპროტესტო აქცია იმართება
დაბა ადიგენში, მერაბ მიქელაძის სახლთან მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მოსახლეობა აქციას მართავენ. ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია.

ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

თითქმის ერთი წელია, რაც ადიგენში, რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილი უთანხმოება გადაუჭრელია. საკითხი რომ კვლავ პრობლემურია 2024 წლის 8 მარტს, პარასკევის (ჯუმას) ლოცვაზე შეკრებილ მუსლიმებთან მისული მართლმადიდებელი სასულიერო პირების და მრევლის პროტესტმაც ცხადყო.

დაბა ადიგენში, წერეთლის N18–ში, მერაბ (იუსუფ) მიქელაძემ საცხოვრებელი სახლი 2017 წლის 12 ივლისს იყიდა. დაახლოებით ორი წლის წინ კი სალოცავი სივრცე და სასულიერო სასწავლებელი მოაწყო. აქ ძირითადად ის მუსლიმები ლოცულობენ, რომლებიც სხვადასხვა სოფლებიდან დაბა ადიგენში ჩამოდიან და დღის განმავლობაში სოფლის სალოცავში ასვლას ვერ ასწრებენ.

აღნიშნული შენობა საზოგადოების ყურადღების ცენტრში პირველად გასულ წელს მოექცა, როცა მართლმადიდებელმა მხარემ სალოცავის და სასწავლებლის არსებობა გააპროტესტა. მიმდინარე წლის 8 მარტის საპროტესტო აქციაც ამ მიზეზით დაორგანიზდა. ამ თემას უკავშირდება დღეს გამართული აქციაც.

"მეჩეთი არ უნდა აშენდეს. აქ არ ცხოვრობს არცერთი მუსლიმი. სადაც ცხოვრობენ ყველა სოფელში აქვთ მეჩეთი. ჩვენ ჭულევის მონასტერში დავდივართ აქედან, ვინ ააშენა აქ ეკლესია?! არ გვაქვს და დავდივართ იქ. ესენიც წავიდნენ და იქ ილოცონ სადაც აქვთ. ადიგენში არ ავაშენებინებთ", – ამბობს აქციის ერთ–ერთი მონაწილე.

"აქ მესამე პირია ჩართული, ვიღაცას უნდა მუსლიმები და ქრისტიანები გვაჩხუბონ. ამიტომ უნდა იმოქმედოს მთავრობამ, ადიგენში მეჩეთი არ იქნება, ყოველ არჩევნებზე ასე ხდება. ჩვენ არ გვინდა პოლიტიკა. მშვიდი ცხოვრება გვინდა",
– ამბობს სოფელ ყარათუბანში მცხოვრები, ირა კუბლაშვილი.

მერაბ მიქელაძესა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მოლაპარაკება ვერ შედგა. როგორც მიქელაძე "სამხრეთის კარიბჭესთან" ამბობს, ხელისუფლებამ თავდაპირველი შეთანხმება შეცვლა და სოფელ იჯარეთში ფართის გამოყოფა ადიგენში მდებარე სახლის დათმობის სანაცვლოდ შესთავაზა, რაზეც მან უარი განაცხადა.

დღეს მუსლიმებს პარასკევის ლოცვა აქვთ. როგორც მერაბ მიქელაძე ამბობს, მოლაპარაკების ჩაშლის გამო იგი გეგმავს ლოცვა ისევ საკუთარ სახლში აღავლინოს.

მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მერაბ მიქელაძის სახლი დატოვეს, ისინი ადიგენის შესასვლელისკენ მიდიან, სადაც პოლიციას გზა აქვს გადაკეტილი.

გზაზე ათობით მანქანა დგას, პოლიცია მათ გადადგილების უფლებას არ აძლევს.




Print