ახალი ამბები
„ჩვენ, ქალებს, დიდი ძალა გვაქვს“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ახალციხეში პუბლიკაციის პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა გამართა
როგორ ცვლიან სოფლად მცხოვრები ქალები საკუთარი ოჯახების, სოფლებისა და თემების ცხოვრებას უკეთესობისკენ და რა სირთულეების გადალახვა უწევთ მათ — სწორედ ამ თემებს ეხმაურება პუბლიკაცია „ჩვენ, ქალებს, დიდი ძალა გვაქვს“, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ახალციხეში წარადგინა. გამოცემის პრეზენტაციის პარალელურად, ამავე სახელწოდების ფოტოგამოფენაც გაიმართა.


ღონისძიებას დაესწრნენ: გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი ბარბარა ბონი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სოციალურ მობილიზაციაში ჩართული, სოფლად მცხოვრები ქალები.







გაეროს ქალთა ორგანიზაცია 2013 წლიდან, სოციალური მობილიზაციის დახმარებით, სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერებაზე მუშაობს. მხარს უჭერს მათ, მუდმივად მონაწილეობდნენ ადგილობრივი პრიორიტეტების განსაზღვრასა და ბიუჯეტის შედგენაში.


შედეგად, ქალები მოხალისეობრივ აქტივიზმში ერთვებიან, თვითდახმარების ჯგუფებს ქმნიან, საჭიროებების კვლევებს ატარებენ და მათ მრგვალი მაგიდის შეხვედრების ფორმატით ადგილობრივ თვითმმართველობებთან წარადგენენ, შემდეგ კი ამ პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავენ.


სოციალური მობილიზაციის მონაწილე ქალებმა უკვე არაერთი ინიციატივა განახორციელეს. საკუთარი აქტიურობით, მოტივაცია სხვა ქალებსაც მისცეს და არა მარტო საკუთარი, არამედ სოფლების ყოველდღიურობაც გაამრავალფეროვნეს. პუბლიკაციაში გაერთიანებული ისტორიები და ფოტოები ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებზეა მომზადებული და სწორედ მათ ღვაწლს წარმოაჩენს. ისინი ასახავს შთამბეჭდავ ცვლილებებს და ნათლად წარმოაჩენს, რომ ქალებს, მართლაც, დიდი ძალა აქვთ.


ღონისძიება ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ნაწილია. იგი გაიმართება გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

Print