ახალი ამბები
სამეგრელოში ძლიერმა ქარმა რამდენიმე ათეულ სახლს სახურავი გადახადა, მოგლეჯილია ხეები
ძლიერმა ქარმა სამეგრელო-ზემო
სვანეთის რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა.
წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში
მოგლეჯილია მრავალწლოვანი ხეების ნაწილი. დაზიანებულია
ელექტროგადამცემი ხაზები, რის შედეგადაც რეგიონის ნაწილს
ელექტროენერგია არ მიეწოდება. ქარმა ათობით საცხოვრებელ სახლს
სახურავი გადახადა წალენჯიხაში, მარტვილში, ჩხოროწყუსა და
ზუგდიდში.
წალენჯიხის მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ დილის მონაცემებით
15-მდე კერძო სახლს აქვს სახურავი გადახდილი მუნიციპალიტეტის
მასშტაბით. ფიქრობენ, რომ მონაცემები კიდევ გაიზრდება, რადგან
სოფლებიდან ინფორმაციას ეტაპობრივად იღებენ.
ქარმა სახურავი ნაწილობრივ გადახადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ
რუხის საჯარო სკოლას. მერიის სამსახურში განაცხადეს, რომ აქ სასწავლო
პროცესი დღეს შეწყვეტილია. ნაწილობრივ დაზიანდა ზუგდიდის კულტურის
სახლიც, რომელსაც ქარისგან მოგლეჯილი ხე დაეცა.
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში
ასევე განმარტეს, რომ მდინარე ენგურის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო
ანაკლიაში 7 საცხოვრებელ სახლში წყალი შევიდა.
ამავე ინფორმაციის თანახმად, მოგლეჯილი ხეებისგან წუხელვე გაიწმინდა
გზები სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში და საავტომობილო მოძრაობა
აღდგენილია.
უხვი თოვლის გამო ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია მესტიის
მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ცენტრალურ გზაზე.
სამეგრელოს მსგავსად, ელექტროენერგია არ მიეწოდება სვანეთის ნაწილსაც.
"ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ მიმდინარეობს აღდგენით
სამუშაოები და აბონენტებს ეტაპობრივად აღუდგებათ ელექტროენერგიის
მიწოდება.
წყარო: რადიო თავისუფლება
გააზიარეთ :