ახალი ამბები
საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების გამოცდები დაიწყო
საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების გამოცდები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ავრცელებს.

საგამოცდო ცენტრები ქვეყნის მასშტაბით 8 მუნიციპალიტეტშია გახსნილი, კერძოდ: თელავში, ბოლნისში, მარნეულში, გარდაბანში, თეთრიწყაროში, ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. გამოცდების მიმდინარეობას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც აკვირდებიან.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა სერტიფიცირების მიზანი, ერთის მხრივ ამომრჩეველთა ინფორმირებაა საარჩევნო საკითხებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, მეორეს მხრივ კი საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებთან თავსებადი კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირებაა.


საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების გამოცდის ჩაბარების სურვილი 1 689-მა მოქალაქემ დააფიქსირა, რაც გამოცდაზე ჯამურად მისაღებ მონაწილეთა ადგილების რაოდენობის გათვალისწინებით 92%-ს შეადგენს.


გამოცდების მიმდინარეობას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც აკვირდებიან. გამოცდა ტარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით და მისი ხანგრძლივობა ერთი საათია. გამოსაცდელისთვის ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევა 24 საგამოცდო ტესტი, ყოველ საგამოცდო ტესტზე სწორი პასუხი ფასდება ერთი ქულით. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 15 ქულა. ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, ცესკოს სწავლების ცენტრმა უზრუნველყო საგამოცდო ტესტების თარგმნა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენებზე.


როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა, ასევე კომისიის წევრთა სერტიფიცირების გამოცდები საარჩევნო რეფორმის თანახმად 2023 წლიდან ხორციელდება. გასულ წელს საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების გამოცდა 8 468, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირების გამოცდა 10 565 პირმა ჩააბარა. მიმდინარე წელს კი საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების და წევრებისთვის სერტიფიცირების გამოცდა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.
Print