"2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლებს ზოგადი განათლების ახალი სტანდარტი ექნებათ" - გია მურღულია
2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლებს
ზოგადი განათლების ახალი სტანდარტი ექნებათ.
ამის შესახებ განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტმა ზოგადი
განათლების საკითხებში გია მურღულიამ ინტერვიუში განაცხადა და
აღნიშნა, რომ ყველა სასკოლო საგნის მიმართულებით ახალი სტანდარტის
შესამუშავებლად სამინისტროში დარგის ექსპერტთა სპეციალური ჯგუფებიცაა
შექმნილი.
მისივე თქმით, სტანდარტის შემუშავების შემდეგ, მის საბოლოო
დამტკიცებამდე საჯარო განხილვებიც გაიმართება.
„სტანდარტის შემუშავება რეფორმის ერთ-ერთი ნაწილია,
არსებითად მნიშვნელოვანი ნაწილი. რა არის საგნობრივი სტანდარტი? ეს
არის სავალდებულო მინიმუმი საქართველოში ყველა სკოლისთვის.
ეს სტანდარტები, რა თქმა უნდა, ახლაც არსებობს, მაგრამ მათი
გადახედვის, სახეცვლილების, ახალი ვერსიების შექმნის აუცილებლობა
დადგა. ყველა საგნის მიმართულებით ასეთი ჯგუფი შექმნილია და
რასაკვირველია, ქართული ენა და ლიტერატურა ერთ-ერთი ყველაზე
მნიშვნელოვანი მიმართულებაა.პირადად მე ჩართული ვარ ამ და ისტორიის
ჯგუფში.
კოორდინაცია, საგნების სწავლების თვალსაზრისით, უნდა იყოს მაღალი.
ხშირ შემთხვევაში, ასეთი კოორდინაციით ვერ დავიკვეხნიდით. სტანდარტი
ფურცელზე დაწერილი სიტყვები კი არაა, ეს არის სკოლის რეალური
ცხოვრება. როდესაც სხვადასხვა საგნის სწავლების დროს კოორდინაციის
ხარისხი დაბალია, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეს ერთ დღეს, შესაძლოა,
ყველა მასწავლებელმა მისცეს დავალება და ამის სწავლა კი უბრალოდ
შეუძლებელი იყოს.
რატომ არის, რომ თითქმის ყველა მასწავლებელი წუხს საათების
ნაკლებობაზე?! იმიტომ, რომ ვერ ასწრებენ იმ მასალის სწავლებას, რაც
პროგრამითაა გათვალისწინებული. რატომ ვერ ასწრებენ? იმიტომ, რომ
ბევრია და კარგად არ არის გათვლილი, რა დრო სჭირდება ამ მასალის
გადაცემას, სწავლებას, გაგებინებას ბავშვებისთვის. თან მხოლოდ
გადაცემა ხომ არაა, უნდა მოიკითხო რა ისწავლა მან. საათების სიმცირეზე
საუბარი უნდა გაქრეს.
კარგად უნდა იყოს გათვლილი, რა მასალას გთავაზობთ და რა დრო გაქვთ
თქვენ, როგორც მასწავლებელს და როგორც სკოლას ამის სარეალიზაციოდ.
ამასთან, ეს სტანდარტი უნდა ეფუძნებოდეს ზოგადი განათლების ეროვნულ
მიზნებს და სასწავლო გეგმას. არსებობს დოკუმენტი, რომელსაც ჰქვია
„ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები“, 2004 წელსაა მიღებული. ახლა
გადაიხედება, ახალი ვერსია შეიქმნება - 2004 წლის შემდეგ დიდი დრო
გავიდა და ახლებური ხედვაა საჭირო. სამინისტრო და პარლამენტის
შესაბამისი კომიტეტი ამაზე მუშაობენ. ახალ ვერსიას, იმედია, მალე
ვიხილავთ - ალბათ, სასწავლო წლის ბოლომდე.
ახლა არის პროცესი, საბოლოო შედეგს, საორიენტაციოდ, ვფიქრობთ, მარტის
ბოლოს დავდებთ. იმედი მაქვს, რომ ამ დროისთვის შემუშავდება სტანდარტი.
ახლა არის დისკუსიები, პოზიციების, ხედვების შეჯერება. ამას უნდა
მოჰყვეს შეთანხმება და შემდეგ ტექსტის დაწერა. თუმცა აქაც არ
მთავრდება პროცესი. ამას ჩვენ რომ შევქმნით, შემდეგ სჭირდება განხილვა
და შეფასება სასკოლო საზოგადოებისა და დარგის სხვა ექსპერტების
მხრიდან. სტანდარტი ეს არის ყველასთვის სავალდებულო მინიმუმი.
როცა ძველ სტანდარტებს ვაკვირდებოდი, ეს უფრო საოცნებო მაქსიმუმი იყო,
ვიდრე სავალდებულო მინიმუმი. „სავალდებულო მინიმუმი“ ისაა, რაც ყველამ
უნდა დაძლიოს. ადამიანებს სხვადასხვა შესაძლებლობა და ნიჭიერების
ხარისხი აქვთ. მინიმალური ზღვარი რა არის ანუ თამასა სადაა, რათა
სახელმწიფომ გითხრას - „შენ მიღებული გაქვს ზოგადი განათლება და
გიდასტურებ ამას!“ საზოგადოებას სწორედ ამ სტანდარტმა მკაფიოდ უნდა
უთხრას“,- განაცხადა მურღულიამ.