ყოფილ მეუღლეს ინტიმური ფოტოები გაუსაჯაროვა - დაკავებულია ახალციხის მცხოვრები
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
ცნობით, სამართალდამცავებმა პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტი
გახსნეს და 1987 წელს დაბადებული ო.ა. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში
მცხოვრებმა, 1987 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა ო. ა.-მა, ყოფილ
მეუღლეს მობილური ტელეფონი წაართვა და საკუთარ მობილურ ტელეფონში
დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოები
გადაიტანა.
აღნიშნულის შემდეგ, ყოფილ მეუღლესთან უთანხმოების გამო, შურისძიების
მოტივით ინტიმური შინაარსის ფოტოები დაზარალებულის ნათესავებს
ვათსაფის საშუალებით გადაუგზავნა.
საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად, სპეციალურმა საგამოძიებო
სამსახურმა ბრალდებული ო.ა. დააკავა და მას ბრალდება გენდერის ნიშნით
შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს
ხელყოფისთვის წარედგინა.
დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ნებისმიერ
დაზარალებულ პირს შეუძლია დააფიქსიროს შეტყობინება სპეციალური
საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზე: #199 ან მიმართოს სამსახურის
ოფისებს მთელი საქართველოს მასშტაბით შემდეგ მისამართებზე: ქალაქი
თბილისი, მიხეილ ასათიანის ქ. N9. ქალაქი ქუთაისი (მის: ი. აბაშიძის
გამზირი N 22), ქალაქი ბათუმი (მის: გ. მაზნიაშვილის ქ N 54), ქალაქი
ზუგდიდი (მის: კოსტავას ქ. N 58) და ქალაქი თელავი (მის: ერეკლე II-ის
გამზირი, №16).