ახალი ამბები
2 იანვარს საქართველოში ბედობას აღნიშნავენ
ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, თუმცა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, თვლის, რომ სწორედ ამ დღეზეა დამოკიდებული როგორი იქნება მათთვის მომავალი წელი.

2 იანვარს და 15 იანვარს ბედობაა, ძველ დროში ახალი წლის მეორე დღე ბედნიერების დაბედების დღედ ითვლებოდა. ბედობას, ძველი ტრადიციის თანახმად, ხალისიანი განწყობით, ლაღად და უდარდელად ხვდებოდნენ.

ძველად ამ დღესთან დაკავშირებით ირჩევდნენ მეკვლეს, ანუ "კაი ფეხის" მქონე ადამიანს. ოჯახები ცდილობდნენ, სახლიდან არ გასულიყვნენ და დღე ოჯახურ გარემოში გაეტარებინათ, გამონაკლისი მხოლოდ ბედობის მეკვლედ დაპატიჟება იყო.

სტუმრად წასული “მეფეხური” მასპინძელს ლამაზად გამოწყობილი უნდა წვეოდა, ოჯახისთვის ტკბილეული მიერთმია და მხიარულ განწყობაზე ყოფილიყო. ამ დღეს ოჯახები არც რაიმეს სესხულობდნენ და არც გაასესხებდნენ, ვინაიდან სესხება, გასესხება, ოჯახის ნივთების განათხოვრება, რადგან ეს იმედგაცრუებისგან დაცვას უკავშირდებოდა.

ძველად საქართველოში, სამცხე-ჯავახეთში არსებობდა “ფულის ქადის” ტრადიციაც. ოჯახის დიასახლისი სპეციალურად ბედობისთვის ტკბილ ქადას ამზადებდა, რომელშიც ხურდა ფულს ათავსებდნენ და მრგვალ ნუგბარს იმდენ ნაჭრად ჭრიდნენ, ოჯახში რამდენი წევრიც იყო. თვლიდნენ, რომ ვისაც მონეტა ამოუვიდოდა, იმ წელს იმ ადამიანს ბარაქა არ მოაკლდებოდა.

ბედობის ტრადიცია დღესაც შემორჩენილია საქართველოში, ამ დღესასწაულს აქტუალობა არ დაუკარგავს და 2 იანვარს “კარგი ფეხის” ადამიანისაგან შემდეგ სიტყვებს ისევ ელიან:


“შემოვდგი ფეხი,

გწყალობდეთ ღმერთი.

ფეხი ჩემი

კვალი ანგელოზისა“.



Print