ახალი ამბები
ღარიბაშვილის, ზურაბიშვილის და პაპუაშვილის გზავნილები 26 მაისს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ოფიციალური მიმართვისას მწვავედ გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ანტიდასავლური პოლიტიკის გამო.

პრეზიდენტმა ხელისუფლების ქმედებების გამო ბოდიში მოუხადა აგვისტოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის ოჯახს, ასევე გიგა ოთხოზორიას ოჯახს, რომელიც აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან რამდენიმე წლის წინ მოკლეს.

პრეზიდენტმა გააკრტიიკა ხელისუფლება იმის გამო, რომ ანტიდასავლური პოლიტიიკისა და რიტორიკის ფონზე შვილებს ევროპა-ამერიკაში გზავნიან. რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ პრემიერ ღარიბაშვილის შვილი აშშ-ში, პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

პრეზიდენტმა ხელისუფლება გააკრიტიკა ქვეყანაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სანქცირებული შვილის შემოშვების, ფრენების აღდგენისა და სხვა ქმედებების გამოც.

პრეზიდენტის გამოსვლისას, რომელიც ქვეყანას თავისუფლების მოედნიდან პირდაპირ ეთერში მიმართავდა, იქვე მყოფი ადამიანებისგან ისმოდა საპროტესტო შეძახილები. ღონისძიებას მხოლოდ ოფიციალურად მიწვეული პირები ესწრებიან.


საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვებით, საქართველო რეგიონში “მშვიდობის ოაზისად” რჩება მიუხედავად “შიდა თუ გარე მტრების დესტრუქციული მცდელობებისა”. ამ სიტყვებით ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მიმართა. მანვე ილაპარაკა “ბოროტ ძალებზე”, რომლებიც, ღარიბაშვილის მტკიცებით, “ტრადიციული ფასეულობების ნგრევას ცდილობენ”.

“დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქენი, საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ, ჩვენს ნამდვილ მეგობრებთან, პარტნიორებთან ერთად, ჩვენი ისტორიის სრულიად განსაკუთრებულ, თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას ვზეიმობთ – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 105 წელი შესრულდა იმ დღიდან, როდესაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლებამ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა”, — დასძინა მან.

მისი სიტყვებით, 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობა “ხანმოკლე, მაგრამ ჩვენი შემდგომი განვითარებისთვის ფუძემდებლური აღმოჩნდა”, 1991 წელს საბოლოოდ აღდგენილი დამოუკიდებლობა კი პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციას დაეფუძნა და “ჩვენი ქვეყნის მთავარ გეზად ევროპული სახელმწიფოს შენება განისაზღვრა”.

პრემიერ-მინისტრმა მოიყვანა ნაწყვეტი აკაკი წერეთლის პიესიდან “პატარა კახი” — “სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი” — და თქვა, რომ ეს სიტყვები “უნდა იყოს თითოეული ქართველისათვის და პირველ რიგში ხელისუფლებისთვის, ყველასთვის, ვისთვისაც თავისუფლება პირადი ღირსებისა და ეროვნული სიამაყის ფუნდამენტია”.

სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშვილმა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომზეც ილაპარაკა:

“თავისუფლების უპირველესი მტერია ომი. დღეს ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხი რუსეთის მიერ დაწყებულ სასტიკ ომში უზარმაზარ მსხვერპლს იღებს საკუთარი თავისუფლების დასაცავად. მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომას, ომის მალე დასრულებას, მშვიდობას, გამთლიანებას და თავისუფლებას ვუსურვებ”.



"გასულ წელს, საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ჩართვა 9 აპრილის თაობისთვის მხოლოდ სანუკვარი ოცნება თუ იქნებოდა. თუმცა, დღეს ესეც უკვე რეალობაა", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს მხარდაჭერისთვის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების პროცესში.



Print