ახალი ამბები
ბრიტანეთის საბჭო დაცული ტერიტორიების სააგენტოს 65 თანამშრომელს გადაამზადებს
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბრიტანეთის საბჭოს ურთიერთშეთანხმების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებიც საერთაშორისო ვიზიტორებთან აქტიურ კომუნიკაციაში არიან, ინგლისურ ენაში კვალიფიკაციას აიმაღლებენ.

შეთანხმების ხელშეკრულებას ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ დავით იოსებაშვილმა და ბრიტანეთის საბჭოს დირექტორმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში, ზაზა ფურცელაძემ მოაწერეს.

ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესება მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს დაცული ტერიტორიების სააგენტოში შემავალი ტერიტორიული ადმინისტრაციების გამართული და ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის, რაც, თავის მხრივ, საერთაშორისო ვიზიტორების ზრდას განაპირობებს. ურთიერთშეთანხმების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს 65 თანამშრომელი გადამზადდება.

ბრიტანეთის საბჭოსთან ურთიერთშეთანხმება წარმოადგენს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბი პი-ს შორის 2022 წელს გაფორმებული მემორანდუმის ერთ-ერთ აქტივობას, რომლის მიზანია დაცული ტერიტორიების სისტემის მდგრადი განვითარების გაძლიერება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, ეკოტურიზმის პოტენციალის გაზრდა და დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება.


Print