ახალი ამბები
ქალაქებისა და კურორტების განვითარების სახელმწიფო პროგრამა ბორჯომსა და ბაკურიანშიც განხორციელდება
ქალაქებისა და კურორტების განვითარების სახელმწიფო პროგრამა იწყება, რომელიც შემდგომი 5 წლის განმავლობაში განხორციელდება და მისი ბიუჯეტი 1 მილიარდი ლარი იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პროგრამა უახლოეს პერიოდში დაიწყება. მის განსახორციელებლად, 2023 წელს გათვალისწინებულია 200 მილიონი ლარი. პირველი ეტაპის სამუშაოები მოიცავს შემდეგ მდებარეობებს: ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტია, ყაზბეგი.

„ჩვენ ორი წლის წინ დავიწყეთ ყველა მუნიციპალიტეტში ურბანული განახლების პროგრამა. 63 მუნიციპალიტეტში ჩატარდა აღნიშნული სამუშაოები, განახლდა ცენტრები, მოეწყო სკვერები და ძალიან მასშტაბური სამუშაოები იქნა ჩატარებული. ამ პროგრამისთვის გახსოვთ, რომ ჩვენ 500 მილიონი ლარი გამოვყავით, ჯერ კიდევ გრძელდება რამდენიმე მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამა და ახლა ჩვენ ვიწყებთ უფრო მასშტაბურ სახელმწიფო პროგრამას, ქალაქების და კურორტების განვითარების პროგრამა, რომელიც იქნება 5 წლიანი და ბიუჯეტიდან გამოიყოფა 1 მილიარდი ლარი. ჩვენ ამ მიზნით გვაქვს უკვე გამოყოფილი წელს 200 მილიონი ლარი. შერჩეული გვაქვს 11 მდებარეობა, ლოკაცია, მე მინდა გაცნობოთ ამის თაობაზე: ეს არის ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტია და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები. სამუშაოებს ჩვენ დავიწყებთ ძალიან მალე, ამის თაობაზე უფრო მოგვიანებით მოგახსენებთ დეტალურად, შემუშავდება კონცეფციები, მუნიციპალური განვითარების ფონდი დაიწყებს მუშაობას აქტიურად ამ პროგრამის განხორციელებაზე, შევარჩევთ საუკეთესო არქიტექტორებს, მშენებლებს. ჩაუტარდება შენობებს, კულტურულ და ისტორიულ ობიექტებს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. ასევე, ახალი და არსებული რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა, განახლდება, ისევე როგორც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და ახალი ტურისტული ატრაქციები შეიქმნება. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა ეტაპობრივად გარდავქმნათ რეალურად ევროპული ტიპის სახელმწიფოდ. ეს უნდა იყოს კარგად მოვლილი, განვითარებული, ლამაზი სახელმწიფო, ქალაქები, რაიონები, სოფლები. აი ეს არის ჩვენი გეგმა. როგორც მოგახსენეთ, 200 მილიონი ლარი გამოიყოფა წელსვე, სამუშაოებს დაიწყებს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მუნიციპალური განვითარების ფონდი და ძალიან მალე ვიხილავთ შედეგებს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


Print