ახალი ამბები
,,საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ბორჯომელ მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორის მოადგილემ დავით ნეფარიძემ და პროკურორმა გრიგოლ კაპანაძემ პროექტის ,,საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში, ბორჯომის N1 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

პროკურატურის წარმომადგენელმა ორგანიზებულ დანაშაულთან - „ქურდულ სამყაროსთან“ ბრძოლის წინააღმდეგ ისაუბრეს. მათი თქმით, დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერებისთვის ერთ-ერთი კომპონენტი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

შეხვედრაზე მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია, როგორც არსებული კანონმდებლობის ასევე, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან გატარებული ღონისძიებების შესახებ. პროკურატურის წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს ისეთ გამოწვევებზე, როგორებიცაა „ქურდული სამყაროს“ შესახებ საზოგადოებასა და მოზარდებში არსებული სტერეოტიპები და ამგვარი დანაშაულის განხორციელების საფრთხეები, რაც ხელყოფს საზოგადოების ფუნდამენტურ ღირებულებებს, აფერხებს ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ განვითარებას, ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის პრინციპებს და საფრთხეს უქმნის ეროვნულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. საოლქო პროკურატურის წარმომადგენლებმა მოსწავლეების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს.


Print