ახალი ამბები
10 აპრილიდან პური 10 თეთრით გაიაფდება
„10 აპრილიდან გადაწყვეტილია, რომ მწარმოებლები ქვის პურს, იგივე სოციალური პურის ფასს 10 თეთრით შეამცირებენ“, - ეს განცხადება პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ გააკეთა.


3 აპრილის მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ფქვილის ფასის შემცირება, პურის ღირებულებაზე უნდა აისახოს. პურის გაიაფების მოლოდინი ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე მედიკამენტების, სურსათის და საწვავის ფასების კლების დინამიკაზე საუბრისას გამოთქვა.


პრესკონფერენციაზე კი მალხაზ დოლიძემ განაცხადა: „ის, რაც პრემიერმა გამოაცხადა, ჩვენ ამ სიტყვას შევასრულებთ და ვაჭრობის ობიექტებს პური 10 თეთრით ნაკლებად მიეწოდება“.


მალხაზ დოლიძე ირწმუნება, რომ ფასის კლება პურის წონაზე არ აისახება.


კითხვაზე - ასახავენ თუ არა 10 თეთრით იაფად მიწოდებული პურის ფასს მაღაზიები, პურის მრეწველთა კავშირის ხელმძღვანელმა განმარტა:

„ქსელური მაღაზიები, სადაც ურთიერთობები მოწესრიგებულია, იქ ეს პრობლემა არ იქნება. უბნის მაღაზიებს რაც შეეხება, აქ გარანტორი ვერ ვიქნები, რადგან ფასების ლიბერალიზაციიდან გამომდინარე, ყველა ფასნამატს თვითონ ადგენს, თუმცა როდესაც მომხმარებელი ნახავს, რომ ერთ მაღაზიაში უფრო იაფია, ვიდრე მეორეში, რა თქმა უნდა, დაბალ ფასად შეიძენს პურს და ამის იმედი მაქვს“, - განმარტა დოლიძემ.
Print