ახალი ამბები
ამერიკის ელჩი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთს სტუმრობს
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს სტუმრობს.

ვიზიტის ფარგლებში კელი დეგნანი სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას ეწვია, სადაც სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა უმასპინძლა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რწმუნებულის მოადგილეები და სამხარეო ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელები.

შეხვედრაზე ელჩს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გააცნეს. დადებითად შეფასდა ბაკურიანში ჩატარებული სნოუბორდის, ფრისტაილისა და ფრისკის მსოფლიოს ჩემპიონატი. აღსანიშნავია, რომ დაბა ბაკურიანი 2025 წელს ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალსაც უმასპინძლებს ,რაც საერთაშორისო მასშტაბით ბაკურიანის, როგორც სამთო კურორტის ცნობადობას კიდევ უფრო მეტად გაზრდის.

აგრეთვე, საუბარი შეეხო რეგიონის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების ძეგლების სიმრავლით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ,მრავალფეროვანი და გამორჩეული მხარეა, ამრიგად მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებას, ამ მხრივ მნიშვნელოვანია რეგიონში აგროტურიზმის განვითარება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მიცემს განავითარონ სოფლის მეურნეობის დარგები და მიიღონ მეტი სარგებელი. ტურიზმის განვითარება პირდაპირპროპორციულად აისახება თითოეული ოჯახისა და რეგიონის კეთილდღეობაზე.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ის პროექტები, რომელიც რეგიონში ხორციელდება ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, რისთვისაც მასპინძელმა მხარემ მადლიერება გამოხატა ამერიკელი ხალხისა და მთავრობის მიმართ და წარმატებები უსურვა ქალბატონ კელი დეგნანს მომავალ საქმიანობაში.
Print