ახალი ამბები
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ევროკომისარს მიმართავენ
საქართველოში მოქმედი 16 არასამთავრობო ორგანიზაცია მიმართავს ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ოლივერ ვარჰეის და სთხოვს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე საქართველოს შესახებ შუალედური შეფასება საჯარო იყოს.
ერთობლივ წერილში ნათქვამია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ჩართულია რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში და ამიტომ შუალედური შეფასების საჯაროობა მათთვის მნიშვნელოვანია.


„2022 წლის 23 ივნისს ევროკავშირმა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების გზაზე. ამასთან ერთად ვაცნობიერებთ, რომ საჭიროა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემული თორმეტი რეკომენდაციის შესრულება, რაც ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობაა. აღნიშნული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე.

როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში. ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას და, შესაბამისად, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. სამოქალაქო საზოგადოება აქტიურ ზედამხედველობას უწევს ხელისუფლების მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას. ჩვენ მივესალმებით ევროკომისიის გადაწყვეტილებას 2023 წლის გაზაფხულზე რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით შუალედური შეფასება მოამზადოს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ძალიან დაეხმარება საქართველოსა და მის პარტნიორებს დაინახონ თუ რა ეტაპზეა ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე.

იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ჩართულია რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში, მოგმართავთ თხოვნით, შუალედური შეფასება იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი დაინტერესებული მხარეების, მათ შორის ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ევროკომისიის შუალედური შეფასების საჯაროობა უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას, შესაძლებელს გახდის მასში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პრიორიტეტების შესრულებაზე ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებას“,
- ნათქვამია განცხადებაში.


2022 წლის 23 ივნისს ევროკავშირმა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანას 12 რეკომენდაცია აქვს შესასრულებელი.


ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ:


ღია საზოგადოების ფონდი;
კავშირი საფარი;
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);
მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC);
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);
სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
თბილისი პრაიდი;
საქართველოს სასამართლოს გუშაგი;
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
მწვანე ალტერნატივა;
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD);
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS);
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC);
სამართლიანი არჩევნები (ISFED).
Print