ახალი ამბები
რესპირაციული ვირუსებით ავადობის რთული პერიოდი გადალახულია - ივანე ჩხაიძე
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბოლო რამდენიმე კვირაა, ქვეყანაში ძირითადად კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები სჭარბობს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში კი მნიშვნელოვნად შემცირდა გრიპის ხვედრითი წილი.

მისივე თქმით, მსოფლიოში, ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევები 60%-ით არის შემცირებული.

“ბოლო რამდენიმე კვირაა, ქვეყანაში ძირითადად კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები სჭარბობს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში კი მნიშვნელოვნად შემცირდა გრიპის ხვედრითი წილი. სამაგიეროდ, მოიმატა რინოვირუსმა, რაც გაციების გამომწვევი ვირუსია. თუ 5-6% იყო გასულ კვირას, ახლა 20%-ია. გრიპთან შედარებით, რინოვირუსს უფრო მსუბუქი მიმდინარეობა აქვს. ასევე, მაღალი მაჩვენებელი აქვს რესპირაციულ-სინციტიურ ვირუსს.

ამასთან, ევროპის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად, იქაც შემცირებულია გრიპის შემთხვევა. მსოფლიოში, ბოლო კვირის განმავლობაში 60%-ით არის შემცირებული კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა. ასევე, შემცირებულია კორონავირუსით გამოწვეული ლეტალობა. რა თქმა უნდა, არ გვაქვს ილუზია, რომ კორონავირუსი გაქრება. ალბათ, მთელი წლის განმავლობაში გვექნება შესაძლებლობა, რომ მისი გავრცელება დავაფიქსიროთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ რესპირაციული ვირუსებით ავადობის რთული პერიოდი გადალახულია. შესაძლებელია იყოს მარტის ბოლო მატება, თუმცა პიკი გადალახულია“,
- აღნიშნა ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.


Print