ახალი ამბები
"პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება, ის უნდა ჩავარდეს სესიაზე" - ვახუშტი მენაბდე
საიას დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი ვახუშტი მენაბდე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გავრცელებულ განცხადებას, მათ მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტის "უცხოური აგენტების შესახებ" გაწვევასთან დაკავშირებით გამოეხმაურა. მისი განმარტებით, პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება, ის უნდა ჩავარდეს სესიაზე.

"პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება. ის უნდა ჩავარდეს სესიაზე.

გვაქვს ორი კანონი (პირობითი სახელით) 1. რუსულთან მიმსგავსებული პირველი მოსმენითაა მიღებული; 2. აშშ-თან მიმსგავსებული, რომელიც ჯერ არ განხილულია.


რაა საჭირო?

1. პირველი ვარიანტი სასწრაფოდ უნდა გაიტანომ მეორე მოსმენაზე და თავადვე ჩააგდონ (აქედან ერთი თვის განმავლობაში მეორედ აღარ უნდა დააყენონ კენჭისყრაზე, თორემ მეორე მოსმენით ერთხელ ჩაგდებული პროექტის შემობრუნება შეუძლიათ);

2. მეორე ვარიანტის ყველა ინიციატორმა უნდა მოაწეროს ხელი პროექტია გაწვევას.

ასე, რომ უმრავლესობამ საკუთარი ხელით უნდა ჩააგდოს კანონი და ხალხის ძალამ საკუთარი ხელმოწერებით უარი თქვას მასზე!"
- წერს ვახუშტი მენაბდე.


შეგახსენებთ, დღეს, 9 მარტს, „ქართული ოცნების“ პოლიტ. საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადა, რომ: „მივიღეთ გადაწყვეტილება, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი“.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მიესალმება "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას "უცხოეთის გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევაზე. ევროკავშირმა ლიდერებს 12 პრიორიტეტით გათვალისწინებულ რეფორმებზე მუშაობისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი უცხოეთიდანაა მიღებული.


Print