ახალი ამბები
"ვგმობთ მედიის წარმომადგენლების დაკავებას" - ქარტია და MCERC
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, გმობს "პუბლიკას" დირექტორის და რედაქტორის, ზურა ვარდიაშვილის დაკავებას. მათივე ინფორმაციით დაკავებულია "ტაბულას" ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილიც. მედიის წარმომადგენლების დაკავების ფაქტს ეხმაურება Media and Communication Educational and Research Center. ისინი მხარდაჭერას უცხადებენ ზურას, მედიას და #თავისუფლების მოყვარე ყველა მოქალაქეს!

"რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, სადაც მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებენ, ონლაინ გამოცემა პუბლიკის დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი დააკავეს. როგორც მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ისმის, პოლიციას უხსნიან, რომ ვარდიაშვილი ჟურნალისტია, თუმცა პოლიცია მის დაკავებას აგრძელებს. აქციაზე ასევე დააკავეს ტაბულას ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი. ქარტია გმობს მედიის წარმომადგენლის დაკავებას და პარლამენტის მხრიდან მედიის წარმომადგენლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას. ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (154-ე მუხლი) დარღვევა და დანაშაულია. დაუშვებელია მედიის მიმართ მსგავსი ფორმით მოპყრობა" - ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


"ონლაინ გამოცემა "პუბლიკას" მთავარი რედაქტორი, "მედიახმის" ექსპერტი ზურა ვარდიაშვილი ახლახან დააკავეს ჟურნალისტური საქმიანობისას იმ საპროტესტო აქციაზე, სადაც საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ რუსული კანონის მიღებას! ჩვენი მხარდაჭერა ზურას, მედიას და #თავისუფლების მოყვარე ყველა მოქალაქეს! - აღნიშნულია MEDIA VOICE • Media and Communication Educational and Research Center-ის განცხადებაში.



Print