ახალი ამბები
"სტუდენტს ექნება არჩევანის უფლება" - თავდაცვის მინისტრი სამხედრო სავალდებულო გაწვევაზე
სტუდენტის სტატუსის მიუხედავად, ჯარში გაწვევა მაინც სავალდებულო იქნება. თავდაცვის მინისტრმა ამ თემასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა.

"სტუდენტს ექნება არჩევანის უფლება, ასევე ექნება საშუალება, გამოხატოს საკუთარი ნება და ნებაყოფლობით გაიაროს გაწვევამდე სავალდებულო სამსახური. ნებისმიერ სტუდენტს შეეძლება წლის განმავლობაში, მხოლოდ ზაფხულში, ერთი თვით გაიაროს მომზადება არდადეგების პერიოდში და აღარ იქნება იგი ვალდებული სავალდებულო სამსახურის მიმართ. ასევე, უცხოეთში მყოფ სტუდენტს ექნება იგივე საშუალება, აირჩიოს აღნიშნული პროგრამა და წლის განმავლობაში ერთხელ, ზაფხულში ჩამოვიდეს და გაიაროს ეს საწყისი მომზადების კურსი.

ჩვენ გვექნება რამოდენიმე ალტერნატივა და პირს თავისი სურვილის შესაბამისად და იმ რეალობიდან გამომდინარე, როგორც თვითონ ისურვებს, შეეძლება არჩევანის გაკეთება.

ბევრად მოქნილია ახალი კოდექსი, საშუალებების ბევრად დიდ დიაპაზონს მოიცავს.

არსებული ცვლილებების მიზანია, რომ საქართველოს ჰყავდეს მომზადებული რეზერვი. ჩვენ ამ მიზანს სხვანაირად ვერ მივაღწევთ და ამაში ჩვენს საზოგადოებას ეჭვი არ ეპარება, ეს გარდაუვალია ჩვენნაირ გარემოში არსებული ქვეყნისთვის, რომ არ ჰყავდეს ქვეყანას მომზადებული რეზერვი. ამ რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ გავითვალისწინეთ დღევანდელი მდგომარეობა, არ გადავდგით ისეთი რადიკალური ნაბიჯები, რაც რევოლუციური იქნებოდა საზოგადოებისთვის, არამედ შევქმენით მაქსიმალურად კომფორტული გარემო პირობები ყველა ჩვენი მოქალაქისთვის, ვინც არჩევს სავალდებულო სამსახურის გავლას"
- აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.
Print