ახალი ამბები
რიკოთის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 132-163-ე კილომეტრზე მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიური სამუშაოები ხორციელდებოდა.


შეფერხებული მოძრაობის დროულად განტვირთვისა და მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, ადგილზე მობილიზებული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები, მძიმე ტექნიკის დახმარებით, თოვლისგან გზის ინტენსიურ გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, რიკოთზე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132–კმ163 (სურამის კვანძი-საქასრია) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

ამასთან, თოვლისა და ლიპყინულის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

Print