ახალი ამბები
თავდაცვის სამინისტრო ახალციხეში რეზერვისტების მიღებას აგრძელებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ტერიტორიული რეზერვის ანაზღაურებადი პროგრამა, რომელიც სამხედრო ვალდებულების მოხდის ნებაყოფლობით ფორმას წარმოადგენს, გრძელდება.

უწყების ინფორმაციით, რეზერვში საქართველოს მოქალაქეობის მქონე 18- დან 51 წლამდე პირები მიიღებიან, მათ შორის, სტუდენტები 18-დან 22 წლის ჩათვლით. მიღებისას რეზერვისტს 4-წლიანი კონტრაქტი უფორმდება.

როგორც თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე განმარტავს, რეზერვში მყოფი ადამიანების სწავლება მოიცავს ყველა იმ კომპონენტს, რაც სჭირდება სამხედრო მოსამსახურეს, რომ ჩამოყალიბდეს როგორც პროფესიონალი სამხედრო. პროგრამა კი არის იდენტური იმ პროგრამისა, რომელსაც ჩვეულებრივი სამხედრო მოსამსახურეები გადიან. რეზერვისტების საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღემდე პერიოდს მოიცავს, რომელიც 12 თვეზე თანაბრად ნაწილდება.

„ეროვნული გვარდია ყველა იმ პირს, ვინც ტერიტორიულ რეზერვში ჩაირიცხება, სთავაზობს სიმბოლურ ხელფასს, რომელიც მაგალითად სტუდენტებისთვის იქნება საკმარისი, რომ საკუთარი სწავლის საფასური გადაიხადონ. კონტრაქტი ფორმდება 4 წლის ვადაზე.

დაინტერესებულ პირებს, რომლებიც ტერიტორიულ რეზერვში იმსახურებენ, მათ ჯარის სავალდებულო სამსახურში წასვლა აღარ მოუწევთ. ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, ვისაც აქვს სურვილი ემსახუროს თავის ქვეყანას და გააკეთოს ბევრი კარგი საქმე, არის ერთ–ერთი საუკეთესო პროექტი, რომ ჩაირიცხონ ტერიტორიულ რეზერვში“,–აცხადებს რომან ჯოხაძე.

რეკრუტირების პროცესში რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე ადგილზე, ტერიტორიული ქვედანაყოფებში.

საბუთების მიღება მიმდინარეობს სამუშაო დღეების განმავლობაში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, პარასკევს 10:00 საათიდან 12:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ახალციხე, კოსტავას ქ. #1 ტელ: 591 55 05 68; 577 19 23 90.

შესაძლებელია ონლაინ რეგისტრაცია.
Print